ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისის რაიონში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. გორგასალის III ჩიხში მდებარე ავარიულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და კრწანისის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით გასულ წელს დაიწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რათა ისტორიული სტატუსის მქონე შენობა გადარჩენილიყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა თბილისის მერია ისტორიულ უბნებში,  მსგავსი  პროექტების  განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

პროექტის ფარგლებში, ისტორიულ შენობას კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, პირვანდელი სახით აღდგა ფასადი და მისი დეკორატიული ელემენტები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეკეთდა სახურავი და საწვიმარი მილების სიტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ქვაფენილი.

შენობა, რომელიც 1880-იანი წლებით თარიღდება, წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც საფრთხეს  როგორც აღნიშნული, ასევე მომიჯნავე სახლებისთვის წარმოადგენდა.

 

 

 

 

 

15 ოქტომბერი 2017