დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 2014-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ მისი მერობის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და განსაკუთრებული  ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები 7, 295 814,93 მ2 ფართს ჩაუტარდა, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია 755 ქუჩას ჩაუტარდა.

თბილისის მერმა დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან განსაკუთრებული ყურადღება სამება-მახათას და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზების მშენებლობაზე, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთსა და ბაგები-წყნეთის 12 კმ-იანი გზის რეაბილიტაციაზე გაამახვილა; დავით ნარმანიამ ასევე თბილისის ზღვის შემოვლითი გზისა და თემქის დასახლებიდან ზღვაზე გადასასვლელი  შემოვლითი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი  მოძრაობის აღდგენა  და პეკინის ქუჩის გაცალმხრივება გამოყო.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის 143 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც  12 ხაზზე გადანაწილდა. დედაქალაქის მერის თქმით, 70–იანი წლების შემდეგ პირველად აშენდა და გაიხსნა მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა, რომელიც ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. მისივე თქმით, თბილისში 340 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელი უკვე დამონტაჟებულია, საბოლოოდ კი, დედაქალაქში 700 მოსაცდელი მოეწყობა.

დავით ნარმანიამ თბილისის მეტროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია. 

დავით ნარმანიამ  დედაქალაქში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.  მისი განცხადებით, ქალაქში ამჟამად 20 687 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული. აქედან 12 870 კი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, სწორედ, 2014-2017 წლებში შეიძინა.  მისივე თქმით,  საანგარიშო პერიოდში  შპს „თბილსერვის ჯგუფს“  48 ერთეული მძიმე და 30 დამხმარე ტექნიკა შეემატა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქალაქში ქვეითი ინსპექტორები ოპერირებენ, რომელთა ფუნქციაც ქალაქის დაბინძურების აღკვეთაა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა,  ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი და იწყება ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც.

თბილისის მერის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება თბილისში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობაზე გამახვილდა. დავით ნარმანიას  თქმით, თბილისს 12 ახალი ბაგა-ბაღი შეემატა, 13 ახალი ბაღის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერის  წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 100%–ით შესრულდა. მისი თქმით, აღნიშნული სამსახური,  ყოველწლიურად, ადმინისტრირებას უწევდა 29–31 პროგრამას. 2014–2017 წლებში კი 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი  გაორმაგდა.

აშენდა და 2016 წლიდან სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირებს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ორხევში კი  სოციალური საცხოვრისი გაიხსნა, რომელიც 75 ოჯახზეა (300–მდე პირი) გათვლილი.

რაც შეეხება განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, დავით ნარმანიას თქმით,   მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიას იღებენ.  მისივე თქმით, 2015 წლიდან დღემდე,  თანხა  369 მაგისტრანტს ჩაერიცხა, ხოლო სწავლა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა.  

რაც შეეხება კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, დავით ნარმანიას თქმით, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, 2014-2017 წლებში, განხორციელდა სხვადასხვა სახის ინოვაციური, ნოვატორული და ინფრასტრუქტურული პროექტები,  გატარდა რეფორმები, დაფინანსდა კულტურის სფეროს ხელშემწყობი მასშტაბური პროექტები, ღონისძიებები და მრავალფეროვანი აქტივობები.

დავით ნარმანიამ   სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროექტეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ,  36 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და 441 -ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აშენდა რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი, რომლის ანალოგიც თბილისში მანამდე არ არსებობდა.  2016 წელს კი, გაიხსნა  ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი.

 

გაკეთდა თბილისისთვის - 2014-2017

 

10 ნოემბერი 2017