თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მუშაობა განაახლა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ  მუშაობა განაახლა.  ახალი შემადგენლობის კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

კომისიას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ანა ლაშხი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე, ლევან ჯაფარიძე, დავით ჭელიძე, მიხეილ მაღლაკელიძე, ილია გელაშვილი, გელა წიკლაური, ქეთევან შანიძე, სოფიო დოღონაძე და ლევან სანებლიძე შედიან.

კომისიის დღევანდელი სხდომაზე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ წარდგენილი განცხადებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, კომისიის წევრთა შემადგენლობიდან, კომისიის მდივანი სოფიო დოღონაძე აირჩიეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები ყოველი კვირის ორშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

11 იანვარი 2018