თბილისის მერი ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამოს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამოს დაესწრო.

თბილისის მერმა ქართულ ხელოვნებაში და ზოგადად, საზოგადოებრივ ასპარეზზე ოთარ მეღვინეთუხუცესის წვლილზე ისაუბრა.

„ოთარ მეღვინეთუხუცესის ღვაწლი არაერთხელ შეფასდა საზოგადოების მხრიდან. ჩემთვისაც უდიდესი ადამიანი იყო და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მეამაყება, რომ ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა. მინდა გავიხსენო 2012 წელი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებულად მოინიშნება. არ დამავიწყდება დღეები, როდესაც მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ფეხით შემოვიარეთ. ქალბატონ გურანდასთან და ბატონ ოთართან ერთად დავდიოდით და ვეუბნებოდით მოსახლეობას, რომ აუცილებელი იყო სწორი არჩევანის გაკეთება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ და კინოხელოვნებაში, მარტო დათა თუთაშხია რად ღირს, რომელიც მის სახელთან არის გადაჯაჭვული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავივიწყოთ მისი სახელი. არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმაც და უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ გვყავდა ასეთი ადამიანი. ყველა ვერ შეძლებს იმას, რაც შეძლო ბატონმა ოთარმა. სიცოცხლის ბოლომდე მას ჰქონდა ქართველი ხალხის ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული. ეს ნამდვილად არ არის იოლი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მემორიალურ საღამოზე ოლიკო ჟღენტის  წიგნის, "ნიღბის მიღმა" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმიც. 

16 იანვარი 2018