თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილედ სოფიო ხუნწარია წარადგინა, რომელიც აქამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მერის ახალი მოადგილე კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს. რაც შეეხება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, მის ხელმძღვანელად ირაკლი გვილავა ინიშნება, რომელიც აქამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობას თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი მოდელი გააცნო, რომლის მიხედვით ამხანაგობების საჭიროებებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს, ხოლო თითოეული პროექტის ღირებულების 10 პროცენტის მოცულობის თანხას ამხანაგობები წარმოადგენენ და საერთო კრების შეთანხმებით, საკუთარ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ.

„ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მხოლოდ ტენდერის საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებენ. ასევე, თქვენ იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ თანადაფინანსებით - ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული კონკრეტული პროექტისთვის. ეს იყო პროექტის ღირებულების 10-20-30%. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები:  ჩვენი მხრიდან 100 პროცენტით დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10 % წარმოადგენს და ეს თანხა საერთო კრების გადაწყვეტილებით მოხმარდება ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი მოდელი ხელს შეუწყობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას და  სისტემის გამჭირვალობას, მაქსიმალურად გამორიცხავს კორუფციის რისკებს,  გააძლიერებს გამგეობებისა და ამხანაგობების თანამშრომლობას.

კახა კალაძე სამშენებლო სამართალდარღვევების საკითხს შეეხო და სტატისტიკური მონაცემები გაასაჯაროვა. სტატისტიკის მიხედვით:

  • 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს;
  • უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ; 
  • დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტის მშენებლობა;
  • სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 627 000 ლარს.

„შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური  ყოველდღიურად აწყდება. ციფრები, რომელიც მე წარმოვადგინე, საგანგაშოა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავუხაროთ თავი ამ გამოწვევებს, პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობენ, მათ უსაფრთხოებაზე და ასევე, არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონო  მშენებლობები წამოიწყონ. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაირკვა, სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა.

კახა კალაძის თქმით, საქმე ეხება ოჯახებს, რომლებიც აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ, თუმცა აქამდე ვერ შეძლეს მათი დაკანონება.

“მათ შორის ერთ-ერთია სიმონიანების ოჯახი, რომელიც 75 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა დაკანონებას და დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს საცხოვრებელი ფართი  სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეთ”, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა,  საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა  და გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით თითქოს შემცირდა კვების მენიუ, ტყუილი უწოდა.

მისი თქმით, ახალი მენიუ საქართველოს მთავრობის 2017 წლის ოქტომბრის თვის დადგენილებით განსაზღვრული კალორაჟის ახალი ნორმის  შესაბამისად შედგა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო N487 დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით დამტკიცდა  ახალი მენიუ საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები“, - განმარტა კახა კალაძემ. 

18 იანვარი 2018