თბილისის მერის მოადგილე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებსა და იმ სიახლეებზე გამახვილდა, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განვითარებისთვის იგეგმება. სამედიცინო პერსონალთან ერთად, შეხვედრაზე ასევე ცენტრის ფუნქციონირებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქის მერიის მიზანია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა ფილიალის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უფროსი და უმცროსი ექიმები დაესწრნენ.

07 თებერვალი 2018