FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA-ს მსოფლიო თასი უკვე თბილისშია. თასის დახვედრის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

თასის ტური საქართველოში „კოკა-კოლამ“ თბილისის მერიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით უზრუნველყო. დღესვე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო პირადად იხილოს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, FIFA-ს, „კოკა-კოლას“, იმისთვის, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, მსოფლიო თასი იხილოს. სამწუხაროდ, სანაკრებო დონეზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა საკლუბო დონეზე ყველა იმ ტურნირის მოგება შევძელი, რომელიც ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო თასი დღეს ჩვენს დედაქალაქშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

FIFA-ს მსოფლიო თასის ტური „კოკა-კოლამ“ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის ექვსი კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 12 6000 კილომეტრს გაივლის.

მსოფლიო თასი თბილისში დღის ბოლომდე დარჩება. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლის“ შენობაში, 18:00 საათამდე შეეძლება.

 

08 თებერვალი 2018