მელიქიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერია დედაქალაქის გზებზე არსებული ჭების მოწესრიგებას შეუდგა. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მელიქიშვილის ქუჩაზე დღეს ღამით დაიწყო და მთელი თბილისის მასშტაბით გაგრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარება მერიამ საკუთარ თავზე აიღო, თუმცა სამუშაო პროცესში სხვადასხვა კომპანია, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება. “დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერისგან მივიღე დავალება ავარიული ჭების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როცა გზის საფარი გაკეთებულია, მაგრამ ჭის თავებია დაზიანებული და ქმნის ორმოებს. ეს დიდ დისკომფორტს უქმნის მძღოლებს გადაადგილებისას. დავალების მიღებისთანავე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილის ქუჩაზე. დავიწყეთ ცენტრალური ქუჩებით, სადაც მთელი დატვირთვით და ინტენსივობით მოძრაობენ ავტომანქანები,”-განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

08 მარტი 2018