დედაქალაქის მერი ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის პროცესს და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გოფრირებული ლითონის კონსტრუქციით მოეწყობა. გზაგამტარის სიგრძე სულ 42 მეტრი, სიგანე 11 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.5 მეტრი იქნება. გვირაბის საავტომობილო სავალი ნაწილის სიგანე შვიდ მეტრს შეადგენს, ტროტუარების კი - ორ-ორ მეტრს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზაგამტართან მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც 300 მეტრი იქნება.

„აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, სამი-ოთხი თვე დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბი გაკეთდება, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 300 000 ლარია. ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქვემო და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის დამაკავშირებელი უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულ ორ დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი შვიდი კილომეტრია. ზემოხსენებული პროექტი კი, რკინიგზას გვირაბის საშუალებით, ლ. ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ კვეთს და მანძილს 500 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდება.

16 აპრილი 2018