თბილისის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების თაობაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე კონფერენციას „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობას ამ საკითხში გაწეული დახმარებისათვის.

”როდესაც გვყავს მრავალი წარმატებული, უნარიანი ქალი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და თუ საჭიროა, ვთხოვოთ კიდეც მათ, ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ამ პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებები ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა სწორედ ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც გენდერული თანასწორობის ნაწილში დედაქალაქის მერიაში უკვე გადაიდგა. მისივე თქმით, დამატებითი რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებელია, რისთვისაც დედაქალაქის მერია სრულ მზადყოფნაშია.

„შეიქმნა გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც ყველა რაიონული გამგეობა და საქალაქო სამსახური ჩართულია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით; დაინიშნა გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან; ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მონაწილეობენ ყველა თემატურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც იმართება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან; მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია გენდერული საკოორდინაციო სამსახურის წევრებისათვის სპეციალური სასწავლო კურსი; სხვადასხვა ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა; ზოგადად, დედაქალაქის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში იგეგმება ადამიანის პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები,   ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.  

 

15 მაისი 2018