თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი რუსთაველზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაო პროცესს დღეს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი ირგვება.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, გამწვანების ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

“დედაქალაქის მერია შპს ,,ეკოსერვის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს რუსთაველის გამზირს, 26 მაისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების ფარგლებში ირგვება დაახლოებით 800 ერთეულამდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგდა უკვე გამწვანებული თარგების ნაწილი, სადაც შეიცვალა მწვანე საფარი და აღდგა სარწყავი სისტემა. გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად შეირჩა სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია.

მაგთის შენობის წინ მდებარე თარგში გუშინ დაირგო 4 ძირი ჭადარი. გარდა ამისა, ამ და პარლამენტის შენობის წინ არსებულ სხვა თარგებში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა და 9 ძირი ფოტინია დაირგვება.

გამწვანების სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 26 მაისამდე დასრულდება.

დედაქალაქის ცენტრალული გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარე, შეკეთდა შადრევნები და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

 

19 მაისი 2018