თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. კახა კალაძემ საზოგადოებას, გაფიცულ მემანქანეებს, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, გუშინ ღამით, ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ასევე, მოვისმინეთ მათი მხრიდან არსებული პრობლემები, რომელიც მემანქანეებს აწუხებთ. ჩემი მხრიდან იქნა მიცემული პირობა, რომ 2019 წელს, აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მუნიციპალიტეტის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ არსებული მდგომარეობა გაითავისეს. მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო ავტობუსის მძღოლებს, იმ შრომისთვის, რაც მათ ამ დღეების განმავლობაში გაწიეს. მესმის, რომ ძალიან რთული იყო ამ პირობებში მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა კი, მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია. გაძლევთ პირობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი ჩვენი მომავალი თაობებისთვის უკეთესი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა თბილისის რაიონების გამგებლებს, რომელთა ავტომობილები მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებოდნენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობაა, რომელთა დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, დიდ დიღომში, ორი მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, რაზეც მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

თბილისის მერის ინფორმაციით, ჯამში 3 500 ადამიანია დაზარალებული. ამ ეტაპზე კი, 90-ზე მეტი ოჯახის კომპენსირება მოხდება. ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

„დღეს მინდა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოვადგინო და გადაწყვეტილება მივიღოთ კონკრეტულ ორ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე. ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ ორი მიწის ნაკვეთი, რომლებიც ჯამში დაახლოებით, ორი ჰექტარია და ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე, ამ ეტაპზე, შესაძლებელი გახდება დაახლოებით, 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება. ეს ის ოჯახებია, რომლებიც 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ დაზარალდნენ და ეს ყველაფერი აღიარებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს მოუწოდა, წარმოდგენილი პროექტით დაინტერესდნენ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან კომუნიკაცია იქონიონ და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ პროექტებზე. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ კიდევ ახალ პროექტებს და გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, მთლიანად მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა და ყველა ოჯახი და ადამიანი დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს.

„მინდა ვაცნობო თბილისელებს, რომ ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს - ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც მისი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა და აღდგენითი სამუშაოების საჭიროება დადგინდა. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესი დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟს, ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოებს მოიცავს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია და როგორც წელს, ისე მომდევნო წლებში, კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით; აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა ორმხრივი გახდება; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე, შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე იმოქმედებს და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

პროექტის განხორციელების პროცესში თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, კოორდინირებულად იმუშავებს.

06 ივნისი 2018