თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

თბილისის მერმა 2015 წლის 13-14 ივნისს, დედაქალაქში მომხდარი სტიქია გაიხსენა და ახალგაზრდებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ახალგაზრდებს მიმართა და უსურვა, რომ ერთობა, რომელიც მათ 13-14 ივნისის სტიქიის დროს აჩვენეს, არასდროს დაეკარგოთ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების სოლიდარობა, ერთობა იმ დღეებში. ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, როგორი იყო თანადგომა და როგორ ვმუშაობდით, ვაკეთებდით იმას, რომ მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლებს რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მიმართულებით, დარჩენილი პრობლემების დროულად გადაჭრა დაავალა.

„მინდა ასევე, მივმართო მთავრობის წევრებს, გამგებლებს. რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი იყო გამოსული იმისთვის, რომ პრობლემები დროულად აღმოფხვრილიყო. მინდა დაგავალოთ, რომ თუ კიდევ არის დარჩენილი საკითხები, ოჯახები, რომელთაც ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ, გვერდში დაუდგეთ და ყველაფერი დროულად მოაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისში უახლოეს მომავალში, ორი ახალი პარკი გაშენდება. ე.წ. დიღმის ჭალებსა და ე.წ. თემქის ხევში ახალი პარკების გასაშენებლად, თბილისის მერია სპეციალურ კვლევას ჩაატარებს.

„გვინდა, ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით, კვლევას ვიწყებთ. კონკრეტულად, ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ. მეორე ტერიტორია კი, ე.წ. თემქის ხევია, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 000 მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, ასევე, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, სამ ჰექტარზე ახალი პარკი მოეწყობა.

„აღნიშნული პარკის პროექტი არსებობდა, თუმცა მასში გარკვეული ხარვეზები იყო. ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ რაღაც მიმართულებებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი ქალაქის ინტერესებიდან, თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მერის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, რომ ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები მომზადდეს.

„არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მინდა დაგავალოთ, რომ წელს უკვე პროექტები მოამზადოთ და მომავალ წელს, 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს. ამას საზოგადოებაც ითხოვს. არსებულ ინფრასტრუქტურას მოწესრიგება სჭირდება. რაც არ გაგვაჩნია, იმ ადგილას ახალი უნდა შევქმნათ“, - მიმართა დედაქალაქის მერმა მაია ბითაძეს.

მერის მოადგილის ინფორმაციით კი, მიმდინარე წელს ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

„ეს არის ე.წ. წურწუმიას პარკი, რომელიც აბსოლუტურად ამორტიზებული და მოძველებული იყო. უკვე იწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე, იწყება გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელი პარკის სრული რეაბილიტაცია. ორივე შემთხვევაში, ძალიან კარგი პროექტებია წარმოდგენილი და წლის ბოლოს, თბილისელებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ორი დიდი პარკის განახლებული ფორმით ისარგებლონ. რაც შეეხება თქვენს დავალებას, ჩვენ დღესვე დავიწყებთ მუშაობას დიდი პარკების რეაბილიტაციის პროექტების მომზადებისთვის“, - მიმართა მაია ბითაძემ დედაქალაქის მერს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესია. ფართები ამჯერად, გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა.

„27 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება, რომელიც 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„მინდა გაცნობოთ ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვას ეხება. ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება. ვაპირებთ, დავაფუძნოთ მარათონი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის, რასაკვირველია, სპორტსმენებს - ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისაც სურვილი აქვს. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას მოუწოდა, აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთოს და მარათონში მონაწილეობა მიიღოს.

„ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივაა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩავერთოთ და ერთად ავუხსნათ, ვუთხრათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა თითოეული ჩვენგანისთვის. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს წაადგება იმ საქმიანობაში, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისი 2018