კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი დანაკარგია, რომელიც დედაქალაქმა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად მიიღო.

„სამწუხაროა, რომ სტიქიის შედეგად, დაღუპულები გვყავს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც დაინგრა, ყველაფერი აღდგება, მაგრამ დაღუპულებს ვერ დავაბრუნებთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქალაქისთვის, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა სტიქიის შემდეგ დღეებში, მძიმე წუთები და დღეები ახალგაზრდების ერთობამ და სოლიდარობამ გადაგვატანინა. მადლობას ვუხდი თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოხალისედ იყო ჩართული ქალაქის გაწმენდისა და დასუფთავების სამუშაოებში. ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები იმყოფებოდნენ.

13 ივნისი 2018