კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან შენიშვნას მიიღებს, რომელიც შესაძლოა, სერვისების მიწოდების ნაწილში არსებობდეს.

„სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა გენერალური გეგმის პროექტი წარადგინა. განვიხილეთ ასევე, ის ძირითადი გამოწვევები, რაც ქალაქის განვითარების მიმართულებით არსებობს. სამომავლო ღონისძიებები ერთობლივად დავგეგმეთ, მათ შორის, კანონმდებლობის ფორმირებისა და სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება - მიიღებს ყველა იმ სამართლიან შენიშვნას, რომელიც სერვისების მიწოდების ნაწილში შეიძლება არსებობდეს. შევჯერდით, რომ გენერალური გეგმა, რომელიც თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ის ფუძემდებლური დოკუმენტი იქნება, რომლის სწორი გამოყენება ქალაქის განვითარების წინაპირობა უნდა იყოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას 50-მდე ორგანიზაციის, მათ შორის, მენაშენეთა ასოციაციის 35 წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. გავეცანით გენერალურ გეგმას და ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დეველოპერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ის შენიშვნები, რაც გვაქვს, მერიას წერილობითი სახით წარვუდგინოთ. არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის“, - განაცხადა მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა.

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ასევე, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე ესწრებოდნენ.

11 ივლისი 2018