დედაქალაქის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს. შეხვედრაზე თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ჯგუფის საქმიანობის განრიგი განიხილეს.

თბილისის მერიის აპარატის უფროსის, OGP-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი კიკნაძის განცხადებით, ორწლიან სამოქმედო გეგმას თბილისის მთავრობა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

„დღეს მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი დღის წესრიგი, რომელშიც საფეხურების მიხედვით გაწერილია, თუ რა საქმიანობას გაწევს შემდგომში სამუშაო ჯგუფი. მოცემულია კონკრეტული ვადები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, უკვე საბოლოო დოკუმენტი - ორწლიანი სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე, სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით, ამ დოკუმენტის მიღება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

11 ივლისი 2018