თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რომლის პირველი ეტაპი 15 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც, მეორე და მესამე ეტაპები დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა, რის გამოც მან მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„გადაადგილების თვალსაზრისით, დისკომფორტი არსებობს, მაგრამ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო. 15 სექტემბერს ძირითადი სამუშაოები - საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდება და მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე, საბოლოო ფენით მოასფალტება მოხდება. ეს ან ღამის საათებში განხორციელდება, ან შეიძლება ერთი დღე მოვითხოვოთ იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული ქუჩა მთლიანად გადაიკეტოს. მესამე ეტაპზე კი, კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება - ტროტუარები, ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, კოსტავა-შარტავა-პეკინის დამაკავშირებელი ველობილიკიც გაკეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპონენტების ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„არის მცდელობა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ნეგატივში გადაიყვანონ. ამ მიმართულებებით შემოტევები მიმდინარეობს, რითაც ოპონენტები არიან დაინტერესებული. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მერიის მიმართულებით დისკრედიტაცია განახორციელონ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა შეფასებებს - სად იყვნენ ამდენი ხანი, რატომ არ აკეთებდნენ აქამდე? ასევე, ვრცელდება ბევრი სიცრუე, თითქოს მერიას არ აქვს კომპეტენცია, პროფესიონალი კადრები არ ჰყავს. ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაძევებული იყვნენ და შემდეგ, მათ ან სასწავლებლად უშვებდნენ, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს უქმნიდნენ, დღეს ოპონენტები მესამე სექტორად იყენებენ და იძლევიან შენიშვნებს, რომ სამუშაოები არასწორ დროს დაიწყო. ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად და ჩვენ გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით, 30 მილიონი ლარი გამოყოფილიყო. ზუსტად ეს თანხა ხმარდება იმ სამუშაოებს, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგი განახორციელონ.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით პრობლემები არსებობს, რადგან კერძო პირებს - კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, მუნიციპალური საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი, რომელიც მუნიციპალურია და რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისარგებლონ. ეს მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს, რაც შეიძლება მალე იქნეს მოწესრიგებული ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც პარკირების წლიურ აბონემენტს პატიოსნად იღებს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებით, დროული რეაგირების მოხდენა და პრობლემის მყისიერი მოგვარება სთხოვა.  

„მყისიერი რეაგირება მოახდინეთ და თუ მოსაშლელია, მოშალეთ სპეციალური მონიშვნები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან ეს ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა. ასევე, ხშირია შემთხვევები, რომ თუ „სტაიანშჩიკებს“ ფულს არ გადაუხდიან, მძღოლებს პარკირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, სადაც მოქალაქეები შესაბამის საფასურს იხდიან, ვინმემ მათ ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან, ქალაქში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა.

„2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შევიმუშავეთ. ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებული გვაქვს და პარლამენტს გადაეგზავნება. მინდა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო, რადგან მგონია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მოუწოდა, მუნიციპალური პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ.

„ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, საპარკინგე ადგილებზე მისაბმელიანი მანქანები უყენიათ.   ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში, ტურისტულ მომსახურებას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. კანონით, აქ შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, რეაგირება განახორციელეთ, იმოქმედეთ, რათა ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკირების კონკრეტული ლოკაციებით ისარგებლონ და ეს ადგილი არ იყოს გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მსურველებს, მათი შესაბამისად გამოყენება შეუძლიათ.

„ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით კანონში რაიმე ხარვეზი გამონახა და შეუძლია, მისაბმელიანი ავტომობილით დადგეს, ეს ასე არ არის. თქვენ კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შემდეგი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ტაქსების ლიცენზირების თემაა. მან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. პირველი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი, 200 ლარით დაჯარიმდება.

დედაქალაქის მერმა თავის მოადგილეებს დედაქალაქის აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის უფასო პარკირების საკითხის მოგვარება დაავალა.

„მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას. დღეისთვის, უკვე 2000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მძღოლებს, რომ იაქტიურონ და შესაბამისი ნებართვა დროულად აიღონ. ამასთან, მინდა ამ მომსახურების მიმწოდებლებს დამატებით ვაცნობო, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, გამოვყოთ სპეციალური ადგილები, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს ექნება შესაძლებლობა, ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე გააჩეროს. მივმართავ ჩემს მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, რაც შეიძლება მალე, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპის ამოქმედების დროისთვის, ქალაქში კონკრეტული ლოკაციები შეირჩეს, სადაც ტაქსები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებენ პარკირებას. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, კანონმდებლობა გამკაცრდება და სასჯელის სხვადასხვა სახე განისაზღვრება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო, როგორც ცივი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და კანონი გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. აღნიშნული რეგულაციებით კი, შესაძლებელი იქნება ცხოველების გადარჩენა და ადამიანების ქცევის შეცვლა.

„ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. აღნიშნული პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს ძალიან მალე გადაეგზავნება და მინდა, პარლამენტს თანამშრომლობისკენ მოვუწოდო. ამ რეგულაციებით შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, ცხოველების გადარჩენა და მეორეც - ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება. მგონია, რომ ამ კანონპროექტს, როგორც პარლამენტის, ასევე, საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „თბილისობა 2018“-ის თარიღიც დასახელდა, რომელიც 6-7 ოქტომბერს გაიმართება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაულის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა დამკვიდრდება.

„ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა. გვთხოვენ, რომ ეს თარიღი იყოს ფიქსირებული, რადგან ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი თბილისში ვიზიტის მიმართ. მინდა,  განვაცხადო, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ღონისძიებებისთვის წინასწარ მოემზადებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიმდინარე თვეში დედაქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.                     

„მოგეხსენებათ, შემოდგომის დადგომისთანავე გაგრძელდა დედაქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ხვალ იწყება  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 10 წლის გახდა და საიუბილეო თარიღია. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს და განსაკუთრებული სტუმრები გვყავს. თბილისს უკვე ეწვია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი და ლეგენდარული ფიგურაა. ის იყო  საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, თავისუფლების სიმბოლო და წლების შემდეგ, ის პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, თბილისში ბრუნდება. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საჩუქარი თბილისელებისთვის, მისი სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. პროექტი - „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ორი ლეგენდარული მომღერალი გვეწვევა. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად იმღერებს. ქეთი ძალიან უყვართ საქართველოში, ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ჩამოსვლა ყველას ძალიან გაგვიხარდება. 21 სექტემბერს კი, თაიგერ  ლილი გვეწვევა - ასევე ბრიტანული ბენდი, ყველაზე გამორჩეული არტისტებითა და მუსიკოსებით, რომელთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ საქართველოშიც“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მათ შორის, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“, ძალიან საინტერესო პროგრამით.

13 სექტემბერი 2018