დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

ქეთი მელუა მსმენელის წინაშე, დედაქალაქის მერიის პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში წარსდგა. კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავმა თავის ბრიტანულ ბენდთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.

კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ავიდნენ, რომლებმაც ქეთი მელუას დაბადების დღე მიულოცეს.

დედაქალაქის მერმა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა. მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ქეთის დაფასებისთვის. მეამაყება რომ ასეთი თანამემამულე - მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავს. ვიცი, თუ რა შრომის ფასად შეიძლება, უცხო ქვეყანაში წარმატებას მიაღწიო. ქეთი, ყველას გვეამაყები და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფები“, - მიმართა დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას.

კონცერტის ბოლოს, მომღერალს დაბადების დღე გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სიმღერით მიულოცა, რის შემდეგაც, საფინალოდ, მათ ერთობლივად იმღერეს.

„მადლობა ყველას მოსვლისთვის და ასევე, კონცერტის ორგანიზატორებს. მიხარია, რომ ჩემი ბენდიც ჩამოვიყვანე. დღევანდელი კონცერტით ძალიან კმაყოფილი ვარ და ემოციების ქვეშ ვარ. კონცერტის ჩასატარებლად, რამდენიმე თარიღი შემომთავაზეს. მე კი 16 სექტემბერი ავარჩიე, რადგან მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე სწორედ აქ მემღერა“, - განაცხადა მომღერალმა.

ქეთი მელუა საქართველოში „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში იმყოფება.

ბრიტანეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მუსიკოსი წლებია, ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 2003 წლიდან, რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში ქეთია მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.

17 სექტემბერი 2018