დიდუბის რაიონის გამგეობის განცხადება

მუნიციპალიტეტებში მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 10 ნოემბრის განცხადებაში დიდუბის რაიონის შესახებ მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს გამგეობაში კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს დიდუბის რაიონის გამგეობაში ყოველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომლებიც თანამშრომელთა მოვალეობებს ასრულებდნენ.

სასურველია, სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინოს სახელები, გვარები და მეტი დეტალები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, კვლევის შედეგად შეიტყვეს. რაც შეეხება პირს, რომელიც, თურმე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა გამგეობაში და სოციალურ განყოფილებაში გამგებლის სხვა და სხვა დავალებებს ასრულებდა, ვფიქრობთ, რომ აქ იგულისხმება ბატონი ზურაბ უგულავა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ ზურაბ უგულავამ 2014 წლის 2 სექტემბერს, ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო მუშაობა დიდუბის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დიდუბის გამგეობიდან ინფორმაცია არ გაუთხოვია.

აქვე, განვმარტავთ, რომ ზურაბ უგულავას არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია სოციალურ განყოფილებასთან. 17 სექტემბერს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თეა დარახველიძე, რომლის საკურატორო სფეროა სოციალური განყოფილება, ხოლო ზურაბ უგულავა 2014 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა გამგებლის მოადგილედ და მის საკურატორო სფეროს ინფრასტქუტურის განყოფილება წარმოადგენს. 

12 ნოემბერი 2014