საბურთალოს რაიონში ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გალაქტიონ ბუაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით, აღნიშნული მონაკვეთი განიტვირთება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი გახდება.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც საკმაოდ ლამაზი პროექტი გამოვა. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემა, არსებული გამწვანების მიმდებარედ კი - სკვერი.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. გზაგამტარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობებს განტვირთავს და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ქონსთრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 952 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

08 ოქტომბერი 2018