გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიის საფინანსო, ეკონომიკური განვითარებისა და შესყიდვების სამსახურებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობების ამავე პროფილის წარმომადგენლებთან ერთად, გენდერული ბიუჯეტირების საკითხები განიხილეს.

4-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით, შვედეთისა და დანიის მთავრობების მიერ  დაფინანსებული პროექტების - ,,გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის“ და ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს გენდერული ბიუჯეტირების მიზნები, ამოცანები, საჭიროებები, მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, პროგრამული ბიუჯეტის ახალი მეთოდოლოგია, ადგილობრივი პროექტების ფორმირება, გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის წინაპირობა და საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებასაც.

გენდერის საკითხებში მერის მრჩეველის, ნინო ბურძენიძის განცხადებით, გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე მუშაობა მომავალ წელს დაიწყება, მანამდე კი მუნიციპალური პროგრამებისა და ქვეპროგრამების კვლევა განხორციელდება.

„ბიუჯეტი თანაბრად უნდა ითვალისწინებდეს ქალებისა და კაცების ინტერესებს. მერიის პოლიტიკა, დღეს, მოსახლეობის კეთილდღეობაზე მაქსიმალურადაა ორიენტირებული, განხორციელების პროცესშია არა ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, მერიის ხელმძღვანელობისგან  გვაქვს მხარდაჭერა და მზაობა ამ საკითხის წინ წამოწევისთვის, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მუნიციპალური პროგრამებისა და ქვეპროგრამების გავლენის ანალიზის კვლევას. დასკვნაზე დაფუძნებით კი მომავალი წლისთვის შევძლებთ გენდერული ბიუჯეტის პროექტის შექმნას.  - განაცხადა მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ.

14 ოქტომბერი 2018