კახა კალაძე რაგბის კავშირისთვის სარაგბო კომპლექსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს რაგბის კავშირს ფონდ "ქართუსგან" 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი გადაეცა. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას თბილისში ორი და თელავში ერთი ახალი ბაზა შეემატა.

ნუცუბიძის პლატოზე, რაგბის ბაზაზე გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ქართველი ბორჯღალოსნების წარმატება მნიშვნელოვნად არის განპირობებული ქვეყანაში თანამედროვე სარაგბო ინფრასტრუქტურის არსებობით, რაშიც ფონდ "ქართუს" დიდი წვლილი აქვს. კახა კალაძის თქმით, რაგბის განვითარებისთვის ფონდმა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. რაგბი ჩვენი თამაშია. წარმატებები, რაც რაგბიში გვაქვს, არ არის შემთხვევითი. ამ წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“, რადგან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ისეთი ინფრასტრუქტურა და ბაზები, სადაც სპორტსმენებს კარგ გარემოში ვარჯიშისა და თამაშის შესაძლებლობა ექნებათ. ეს პირობები ფონდის ძალისხმევით შექმნილია არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფონდ "ქართუს“ ძალისხმევით დასრულებული თანამედროვე კომპლექსები საჩუქრად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ჩვენ მომავალ თაობებს მუდივად უნდა ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამდენად, ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა, რაშიც ფონდი „ქართუ“ ასე აქტიურად არის ჩართული. ბორჯღალოსნებს ძალიან მალე აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსისი ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.

სარაგბო კომპლექსებში, ასევე, გათვალისწინებულია ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

27 ოქტომბერი 2018