თბილისის მერიის განცხადება

დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების  40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა.

გარდა ამისა, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი. დროებით მოვალეობის შემსრულებელთა ის ნაწილი, ვინც წარმატებით გაიარა კონკურსი, დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. დავით მედულაშვილი, ვადის გასვლის გამო, დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე, გათავისუფლდება სამსახურიდან.

აქვე, გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მათთვის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამ ორი პირის შესახებ ინფორმაცია მომთხოვნს მიეწოდა. აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო.

17 თებერვალი 2015