თბილისის მერიის განცხადება ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერიამ მისი კუთვნილი ავტომანქანების დაზღვევასთან დაკავშირებით ტენდერი მალულად გამოაცხადა და შპს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გაამარჯვებინა. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაციის ამგვარი ინტერპრეტირება ან ღრმად არაკვალიფიციურობაზე, ანდა მერიის გამიზნული დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებს, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც მომსახურების ყველაზე დაბალ ფასს წარადგენს და დააკმაყოფილებს სატენდერო პირობებს. 

2014 წლის 31 დეკემბერს, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, თბილისის მერიამ სხვა ტენდერთან ერთად, გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA140031350) მერიის კუთვნილი ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ტენდერში, რომელიც 2015 წლის 9 იანვარს დასრულდა, სატენდერო წინადადება ოთხმა პრეტენდენტმა წარმოადგინა: კერძოდ, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგმა“ -  თანხით 144 361, 00 ლარი; შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონმა“ - თანხით 133 024, 00 ლარი; შპს „სადაზღვევო კომპანია ალფამ“ - თანხით 110 672,  00 ლარი და შპს „დაზღვევის კომპანია ქართუმ“ - თანხით 110 671, 00 ლარი. 
გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს „დაზღვევის კომპანია ქართუმ“ წარმოადგინა. მას ეთხოვა წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება, რისთვისაც 2 სამუშაო დღის ვადა მიეცა. დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ, 2015 წლის 21 იანვარს, სატენდერო კომისიამ განიხილა აღნიშნული დოკუმენტაცია და 2015 წლის 27 იანვარს კანონის სრული დაცვით კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

თბილისის მერია, ისევე, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ კანონით დადგენილი წესებით და არ აპირებს რომელიმე კომპანიასთან დისკრიმინაციული ან პრივილეგირებული მიდგომით ურთიერთობას.

17 თებერვალი 2015