ჭავჭავაძის გამზირზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

კამპანიის - „გაუფრთხილდი ქალაქს - გაამწვანე თბილისი“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ თარგებში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოქალაქეებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მიიღო.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ბუჩქი (კვიდო, უთხოვარი, ფიტოსპორუმი, ფოტინია, წყავი, ბზა, ჭყორი) დაირგო, მოწესრიგდა სარწყავი სისტემა. გამწვანების თარგებზე ასევე, რულონური ბალახის საფარი დაიგება. აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წელია არ განხორციელებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია - „გაამწვანე თბილისი“, რომლის ფარგლებში, ქალაქში ხე-მცენარეები ირგვება. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება. გაზაფხულზე აქცია მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის პარკები, სკვერები, ახალი საქალაქო პარკების შექმნა. რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები, წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და პეკინის გამზირზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე გამწვანდა.

თბილისის მასშტაბით, სულ 7 000 ბუჩქი ირგვება. მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქების სახეობები თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში ბუჩქების გარდა, სამ მეტრზე მაღალი 6 000 ძირი ხე ირგვება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადილეებმა მაია ბითაძემ და სოფიო ხუნწარიამ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა მიიღეს.  

20 ნოემბერი 2018