თბილისის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „ტურიზმის სექტორის გამოწვევები“ ჩატარდა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, დედაქალაქში ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ტურიზმი პრიორიტეტული სექტორია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თბილისისთვის. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით და ყველა, მათ შორის, მომსახურების მიმართულებით, მზად უნდა ვიყოთ. თქვენი დახმარებისა და ჩართულობის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი გეგმების განხორციელება ძალიან რთული იქნება. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, ველოდებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაქვთ. ძალიან პატარა ნაბიჯი, რომელიც უკვე გადავდგით, თბილისობის თარიღის დაფიქსირებაა, რათა ქალაქში მეტი ტურისტის მოზიდვა შევძლოთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

შეხვედრის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ პრეზენტაცია გამართა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მომავალი წლისთვის, ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მისი განცხადებით, ქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„გვინდა, რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი დედაქალაქისთვის, პრიორიტეტულია. შეხვედრის მონაწილეებს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა აქტივობებს ვაპირებთ 2019 წელს და მის შემდგომ. მათაც მოგვაწოდეს თავიანთი მოსაზრებები, რომელთაც სამომავალოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ. განვიხილეთ რამდენიმე პრობლემური საკითხიც, რომელთა მოგვარებაში კერძო სექტორსა და სხვადასხვა ასოციაციას აუცილებლად დავეხმარებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, წინადადებებისა და იდეების ინიცირება მოხდა, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც.

05 დეკემბერი 2018