მერის მოადგილე ილია ელოშვილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს ანდრია ბასილაიასთან ერთად, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

"Welcome to Georgia” რუსთაველის თეატრში გაიმართა და მასზე ტრადიციულად ის კომპანიები და ბრენდები დაჯილდოვდნენ, რომელთაც ქვეყნისა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და ცნობადობის გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერია მიესალმება ყველა ღონისძიებას, რომელიც თბილისის ცნობადობის ამაღლებას, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევას და დედაქალაქის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს.

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც თბილისის მერია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს. გვახარებს, რომ ყოველ წელს მონაწილეთა და ნომინაციების რაოდენობა იზრდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების 51% თბილისს სტუმრობს. შესაბამისად, ჩვენი დედაქალაქის, მისი ეკონომიკის განვითარებაში ეს სეგმენტი უდიდეს როლს თამაშობს. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს, რათა ქალაქი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული, კომფორტული, გამწვანებული და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მისი კულტურული და ისტორიული ნაწილი, რომელიც ალბათ, ყველაზე მიმზიდველი და საინტერესოა, რადგან ჩვენ ქალაქს 1500-წლოვანი ისტორია აქვს და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს, მუდმივად მხარს დავუჭერთ მის განვითარებას. ის ნამდვილად ამაღლებს ჩვენი ტურიზმის სექტორის, ჩვენი დედაქალაქის, ასევე, რეგიონების ცნობადობას, რომელთა განვითარება ასევე მნიშვნელოვანესია. თბილისის მერიის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გქონდეთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

გამარჯვებული კომპანიები და ბრენდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის ერთ-ერთი წევრი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასიალაია იყო.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება მეოთხე წელია, ტარდება და თბილისის მერია მისი აქტიური მხარდამჭერია. პროექტის "Welcome to Georgia” მიზანია, წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

 

 

17 დეკემბერი 2018