გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში პრაქტიკა GIPA-ს მაგისტრანტებმა პირველად გაიარეს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში სამთვიანი პრაქტიკა გაიარეს.

დედაქალაქის მერიამ ამ აკადემიური მიმართულების მაგისტრანტებთან პირველად ითანამშრომლა. მაგისტრანტებმა პრაქტიკა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში გაიარეს.

პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი შეხვდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, როგორც სტაჟიორების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში გარემოსდაცვითი მიმართულებით, რადგან დასაქმების ბაზარი სწორედ ამ სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. მერიამ უნიკალური შეთავაზებით ისარგებლა და აღნიშნული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა მუნიციპალიტეტში პირველად გაიარეს. იმედი მაქვს, შემდგომში ეს ადამიანები მუშაობას გააგრძელებენ, როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე, სხვა საჯარო სამსახურებში ამ საქმიანობით დაკავდებიან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში პრაქტიკა ოთხმა სტუდენტმა გაიარა, რომლებიც სამი თვის განმავლობაში სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

26 დეკემბერი 2018