ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყველაზე ღია საჯარო უწყებად თბილისის მერია დაასახელა

ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნომინაციაში - „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ გამარჯვებულად თბილისის მერია დაასახელა. სპეციალური ჯილდო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მიიღო.

ილია ელოშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის საქმიანობა სწორედ ღიაობის, გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპებს ეფუძნება.

ორგანიზაციამ ჯამში 10 ნომინაცია წარადგინა. ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2014 წლიდან ჩაეყარა და მისი მიზანია, აღინიშნოს იმ ინსტიტუციებისა და პროფესიული წრეების როლი, რომლებმაც „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ თანამშრომლობის პროცესში და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.

29 დეკემბერი 2018