თბილისის მერიის განცხადება 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებით

2014 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის ჩატარება, თბილისის მერიის დაუდევრობის გამო, შესაძლოა, ჩავარდეს. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთო სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებში, თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ხელშეკრულება, რომელზეც მერიას უნდა მოეწერა ხელი, ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე არ მოუმზადებია.

კარგი იქნებოდა, თუკი ფეხბურთის ფედერაციას გაცილებით საქმიანი მიდგომა ექნებოდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. დღემდე არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს, თბილისის მერია არ ფიგურირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უეფასთან ხელშეკრულებას ხელს აწერს არა თბილისის მერია, არამედ ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა თბილისის მერიასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და სტადიონთან. თუმცა, სფფ–ს თბილისის მერიისთვის აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე არ შემოუთავაზებია.

ფაქტია ისიც, რომ თბილისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე თანხა გათვალისწინებული არ იყო და მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ გახდა შესაძლებელი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხების გამოყოფა.

2014 წლის 26 აგვისტოს თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან შემოვიდა წერილი, რომლითაც ის ითხოვდა 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით, მატჩის მასპინძელ - ბორის პაიჭაძის  სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩასატარებელი სამუშაოების ფარგლებში, ბილეთების ელექტრონული სისტემისა და მასთან პირდაპირ და პერიფერიულად დაკავშირებული ტექნიკის მონტაჟისთვის 2014 წლის ბიუჯეტში თანხების გამოყოფის თაობაზე.
თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, მერიის საფინანსო სამსახურმა მოამზადა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-14 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა და ბიუჯეტში დაემატა "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითრების" ქვეპროგრამა საერთო თანხით - 4,2 მილიონი ლარი. ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებისთვის საჭირო თანხები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტშიც არის დაგეგმილი და ჯამში, აღნიშნულ ღონისძიებაში ქ. თბილისის მერიის ფინანსური მონაწილეობა 13,2 მილიონი ლარით განისაზღვრება.

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა უეფასთან დასადები ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს უეფამ და ფეხბურთის ფედერაციამ. ამავდროულად, ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს მერიასთან ხელშეკრულების დადება, რომლის პროექტიც ფედერაციას ჯერ-ჯერობით არ მოუწოდებია. ამავე წერილით ფედერაცია მერიისაგან ითხოვს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოცემული ინფორმაციის შევსებას, რაც ბუნდოვანია მოწოდებული ხელშეკრულების შენაარსის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისას მოვიძიეთ ის დოკუმენტები, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრავს თბილისის მერიის მონაწილეობის საკითხებს 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებულ პროექტში. აღმოჩნდა, რომ სოციალური უზრუნველყოფისა და კულტურის საქალაქო სამსახურის შესაბამის სპორტის განყოფილებაში ამ კუთხით არავითარი დოკუმენტი არ მოიძებნა.

აღნიშნული პრობლემების განსახილველად და მათი მოგვარების ოპტიმალური გზების დასახვის მიზნით, 2014 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისის მერიაში მოწვეულ იქნა საკითხით დაინტერესებული ყველა მხარე. სამუშაო შეხვედრისას გაირკვა, რომ არ არსებობს პროექტი, სადაც გაწერილია ღონისძიების მოსამზადებელი კონკრეტული ქმედებები, პასუხისმგებელი პირების, შესრულების დროისა და საჭირო თანხების მითითებით. გაურკვეველია, არსებობს თუ არა აუდიტის დასკვნა სტადიონზე გასაწევი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. არ არის ინფორმაცია ღონისძიებისთვის შესასყიდი ტექნიკის გარანტიისა და დაზღვევის ხარჯების შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სატესტო თამაშის დროს ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ: საკითხი დაჩქარებული წესით გავიდეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდეს თბილისის მერიის აღნიშნულ ღონისძიებაში ფინანსური მონაწილეობის ფორმალიზება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარუდგენს მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს. გაფორმდება ხელშეკრულება საკითხით დაინტერესებულ მხარეებსა და ქ. თბილისის მერიას შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოამზადებს პროექტს ღონისძიებისთვის გასაწევი სამუშაოების შესახებ, დროში გაწერილი, თანხებისა და პასუხისმგებელი პირების მითითებით. სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი“ მოამზადებს განვითარების სტრატეგიულ გეგმას და გრძელვადიან პროგრამას, რის საფუძველზეც ბიუჯეტის  ქვეპუნქტი - "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითრების" ქვეპროგრამა გაიწერება სრულფასოვნად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს უეფას მიერ გამოგზავნილ სამოქმედო გეგმას, ახსნა-განმარტებით, თუ რა სამუშაოები შესრულდა, რა თანხები დაიხარჯა, ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ გაწია ხარჯები და რა სამუშაოებია შესასრულებელი - დროის, პასუხისმგებელი პირის, თანხის მითითებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერიას წარუდგინს უეფას იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტადიონი. აღნიშნულზე დაყრდნობით, მომზადდება დასკვნა სტადიონზე გასაწევი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ და სხვა.

სამწუხაროდ, აღნიშნული შეთანხმების შემდეგ საკითხი წინ არ წაწეულა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ წარმოუდგენია ის ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მან აიღო.

მიუხედავად არსებული გაუგებრობისა, თბილისის მერია კვლავაც მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთოს უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებში. აგრეთვე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ფუჭი და უსაგნო ბრალდებების ნაცვლად, ყველამ ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ აღნიშნული ღონისძიება თბილისმა და მთლიანად საქართველომ ღირსეულად ჩაატაროს.

30 სექტემბერი 2014