თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის მიზნით, მძღოლები დღეიდან იუსტიციის სახლის სერვისით ისარგებლებენ.  

საკითხის განხილვამდე კახა კალაძემ 8-9 ივლისს საფრანგეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გვაქვს დაანონსებული. ამ დღეებში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ვიმყოფებოდი. ვნახეთ, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანია და როგორაა დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებები. შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და გაჟღერებული, აბსოლუტურად სწორი ხედვაა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ზუსტად იგივე მიდგომები და დამოკიდებულებაა იქაც. ზოგადად, პარიზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში/ რა თქმა უნდა, ჩვენ ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ტაქსებს, მისი თქმით, კატეგორიებად დაყოფის პროცესი დაწყებულია და მისი განხორციელება შესაძლებელია როგორც ინტერნეტით, ისე იუსტიციის სახლში და ათივე გამგეობის ოფისში.

„ტაქსების მძღოლებს შეუძლიათ შეცვალონ კატეგორია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით. ამასთან, პროცესი რომ უფრო მოსახერხებელი იყოს, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან და ამისთვის მე მინდა, კიდევ ერთხელ, იუსტიციის მინისტრს მადლობა გადავუხადო, დღეიდან ტაქსის მძღოლებს ექნებათ საშუალება იუსტიციის სახლშიც ისარგებლონ აღნიშნული სერვისით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემის დასრულების შესახებ.

„აქვე კიდევ ერთხელ მინდა ინფორმაცია მივაწოდო ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ. მათთვის ვაუჩერების გაცემა დასრულდება 10 აგვისტოს. ვაუჩერების განაღდების საბოლოო თარიღი კი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. ანუ, ის ვაუჩერები, რომელსაც ჩვენ გავცემთ: ფირის გადაკვრის, გადაღებვის, ქიმწმენდის, 1 ოქტომბრამდე უნდა იყოს განაღდებული. ბენეფიტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: A  კატეგორიის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებსა და უბნებში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. ამ მიზნით მათთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი და კიდევ დაემატება ახალი ადგილები. გარდა ამისა, თუ მათ ჰყავთ თეთრი ავტომობილი,  შეუძლიათ თავიანთ ავტომობილებზე სარეკლამო ბანერები გააკრან და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღონ. მათთვის ასევე უფასოა ქიმწმენდის, გადაღებვისა და გადაკვრის ვაუჩერები და ისინი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადაეცემათ ტაქსის მძღოლებს“, - განაცხადა კახა  კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლები  საშემოსავლო გადასახადიდან არიან გათავისუფლებული.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბანკებთან და ტაქსის მძღოლებისთვის რამდენიმე საბანკო პროდუქტი უკვე მომზადებულია.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით  159 400 ლარი გამოიყოფა. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება.

„ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ. აღსანიშნავია, რომ ფიჭვების ხმობის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.   ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს დაავადება არის გადამდები. ჩვენ უცხოელ ექპერტებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და  მწვანე სივრცეების შექმნა. ამდენად, ზუსტად მსგავსი  ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მწვანე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პროექტის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში 20 ჰა ფართობი თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება. 

„პროექტის მიხედვით,  წელს იმ 12 000 ჰა ტყის ფართობიდან, რომლის ინვენტარიზაცია წელს განხორციელდა, ხდება 20 ჰა ტერიტორიის ბუნებრივი განახლება. ფიჭვები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ხელოვნურად დარგული ხეები, რომლებსაც განახლების უნარი არ აქვთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვიწყებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ თბილისში დაირგოს ისეთი ხეები, რომელიც ბუნებრივია და აქვთ თვითგანახლების უნარი. შესაბამისად, ეს პირველი საპილოტე პროექტია, რომლის მიხედვითაც 20 ჰექტარ ფართობზე  მოხდება ტერიტორიის დამუშავება გერმანელების დახმარებით. მათ შორის, შემოღობვა, რომ ცხოველებმა არ დააზიანონ ნარგავები. ასევე, მოხდება ბუნებრივი შეთესვა, რომ ტყეებმა ბუნებრივად დაიწყონ განახლება, ხოლო ხელოვნური ტყეები მაქსიმალურად, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია,  რომ 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი.

თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ  პროექტს - მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება.

„ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ - დიღომში, ვაშლიჯვრიდან ჩამოსასვლელი ახალი პანდუსი, რომელმაც მოძრაობა საკმაოდ განტვირთა. ალბათ, დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობს, რომ საათობით უწევდათ საცობში დგომა, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ პატარა პროექტის განხორციელების შემდეგ, საცობები აღარ არის. რაც შეეხება მაჭავარიანი-გელოვანის ახალ გზას, ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, ასევე, გარე განათების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ახალგაზრდებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებით მეტი დაინტერესებისკენ და ჩართულობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებს, რომელსაც 2 ძირითადი მიმართულება აქვს: ესენია სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.  

„მინდა, ამ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მზად ვართ, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა იყოს.

სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ვაფინანსებთ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა წარმატებულია და კარგად მუშაობს.

წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს და გვინდა, ეს თანხა სტუდენტების მხრიდან მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, მერის თქმით, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულას აღემატება. 

 „სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა,  გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი. კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროგრამებით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ განათლების მიღებაში, ხელი შეგიწყოთ, რათა მომავალში თქვენი ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოახმაროთ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

10 ივლისი 2019