რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ხვალიდან, დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

18 სექტემბრიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თბილისის მერიასა და საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თითოეული მოჭრილი ხე მყისიერად ჩანაცვლდება ახალი ნარგავით. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.

თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებულ ხე-მცენარეებზე ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. ამის პარალელურად კი, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

17 სექტემბერი 2019