თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

პირველ რიგში, თბილისის მერი ტაქსების რეფორმის საკითხს გამოეხმაურა და ტაქსების მფლობელებს მოუწოდა, საკუთარი ავტომობილების კატეგორიებად დაყოფა დროულად მოახდინონ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პირველი ოქტომბრიდან კი ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

„ტაქსების რეფორმა ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული, გამართული და სუფთა იყოს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს, გადაადგილება აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ტაქსები A და B კატეგორიებად დავყავით. უკვე წელიწადნახევარია ამ რეფორმაზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი გატარება. ძალიან ბევრჯერ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც შევხვდით. იყო ცვლილებები, განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა საერთო ჯამში, მუშაობის შედეგად, ყველა შევთანხმდით, რომ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მფლობელებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ნებართვის აღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს მიმართონ.

დედაქალაქის მერმა მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნებართვის მისაღებად სერვისცენტრებში დროულად მივიდნენ, რომელიც თბილისის მერიის შენობაში, ასევე, ათივე გამგეობაშია განთავსებული.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირველი ოქტომბრიდან იწყება რეფორმის მეორე ფაზა და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, ტაქსის ლიცენზია აიღოს და შემდეგ, ავტომობილის კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება A კატეგორიაში იყოს თუ B-ში. რა თქმა უნდა, ავტომობილი ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. პირველ ოქტომბრამდე მათ შეუძლიათ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, ასევე, ათივე გამგეობაში შესაძლებელი იქნება სერვისის მიღება. გასულ წელს იყო ასეთი შემთხვევა, რომ ტაქსების რეფორმის პირველ ეტაპზე, მსურველების უმრავლესობა იუსტიციის სახლში ბოლო დღეებში მივიდა, სადაც საოცრებები ხდებოდა. ამიტომ, მსურველებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ არის 11 სერვისცენტრი - 10 გამგეობაში და ერთი მერიაში, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ, ლიცენზია მიიღოთ და თქვენი ავტომობილი კატეგორიად დაყოთ. დღეს, უკვე 18 სექტემბერია და ჩემი თხოვნა იქნება, არ გადადოთ. დროულად მობრძანდით და მიიღეთ ლიცენზიები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მერიის პოზიციაა, რომ პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

„იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირი მოძრაობის მხრივ საკმაოდ დატვირთულია და მთლიანად დაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა, ჩვენ გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთად დავყავით. პირველი იყო ვარაზის ხევიდან „პიქსელამდე“ მონაკვეთი, სადაც ძირითადი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია, ასფალტს ერთი ფენა დაგებულია. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. რეაბილიტაციის შედეგად გვექნება სრულიად განახლებული გამზირი. განახლდება მოძრაობის სქემები. მოეწყობა, ასევე, საავტობუსო ზოლები და ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპი „პიქსელიდან“ რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გაზის მილების რეაბილიტაციით დაიწყო, რომელსაც კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ ახორციელებენ.

„სამუშაოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოები და გაზაფხულზე განვაახლოთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ უმჯობესია, სამუშაოები ზამთარში გაგრძელდეს, რომ გაზაფხულზე ისევ ტალახი და მტვერი არ იყოს. ნოდარ ტურძელაძეს ვთხოვ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაიწყოს და მათი მოსაზრება გაგვაცნოს. გარდა ამისა, ჩავატაროთ გამოკითხვა სოციალურ ქსელში, რა დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს ამ კონკრეტული პროქტის მიმართ. მერიის პოზიციაა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულებაზეც ისაუბრა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროცესს ზედამხედველობა გაუწიონ.

„ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე, უკვე საგზაო კომპანიაა შესული და გზის მოწყობის სამუშაოებია დაწყებული. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გალაქტიონ ბუაძეს დავავალო, რომ 24ზედამხვედველობა -საათიან რეჟიმში განახორციელონ. როგორც კი   სამუშაოები შეჩერდება, დღისით ან ღამით, ან ადგილზე არ იქნება საჭირო რაოდენობის ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს, რომ ყველა მძიმე სამუშაო, რაც იმ კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია, ღამით განხორციელდეს. მოგეხსენებათ, ღამით ავტომანქანები ნაკლებად მოძრაობენ და მუშაობა უფრო მარტივია. საკმაოდ დიდი ხანია ვეკუა-ხიზანიშვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მესმის, რომ პირველი ეტაპი მნიშვნელოვანი იყო და დასრულდა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია, რვაკილომეტრიანი მონაკვეთი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე ჯგუფები არ მუშაობენ, ამის შესახებ მუნიციპალიტეტს აცნობონ, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი ზედამხედველები, ორი პასუხისმგებელი პირი - ჩემი მოადგილე და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მოსახლეობასაც მინდა მივმართო - თქვენც იაქტიურეთ. თუ შეხედავთ, რომ ვინმე საკმარისად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან. ამას რეაგირება მაშინვე მოჰყვება და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამ მიმართულებით ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობენ კომპანიები, ვინც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? ამბობენ, მერია და კალაძე ვერ ასრულებენ თავის საქმესო. იმაზე არავინ საუბრობს, რომ ეს არის კომპანიის პასუხისმგებლობა, ვალდებულება. ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ მსგავსი პრობლემები თავიდანვე იქნას აცილებული. მესმის არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვების მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქში მიმდინარე პროექტებზე პასუხისმგებლები მაინც ჩვენ ვართ. ამდენად, რეაქციაც და მიდგომებიც ჩვენი მხრიდან შესაბამისი უნდა იყოს, რომ სალაპარაკო არავის მივცეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო.

მისივე თქმით, ანალოგიური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები თბილისის სხვა რაიონებშიც აშენდება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდეს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ასეთი ობიექტების მშენებლობაზე. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, სხვადასხვა რაიონებში ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა. აღნიშნული სპორტული ცენტრი დაახლოებით, 700 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზებს მოიცავს, აქვს გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსში, მნიშვნელოვანია, შეღავათიანი ტარიფები მოქმედებდეს.

დედაქალაქის მერი სხდომაზე ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება.

„ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე 500-ზე მეტ ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს კიდევ 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ესენი არიან სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები. მინდა მათ მივულოცო. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ოჯახი. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ ფართების დაკანონებაში“, - მიმართა მათ კალაძემ მოსახლეობას.

დედაქალაქის მერმა სანიტარიული ჭრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადებული ფიჭვები ამჯერად, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ეზოში მოიჭრება.

„ყველასთვის ცნობილია, თუ რა მიდგომები გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან, ახალ მწვანე ზონებთან დაკავშირებით. ახალი პარკების მშენებლობა, სკვერების რეაბილიტაცია, ახალი ხე-მცენარეების დარგვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ქალაქს, ეს არის მწვანე სივრცეები. თუმცა, გვაქვს სერიოზული პრობლემა, ეს არის ფიჭვები, რომლებიც წლების წინ დაირგო. ჩატარებულია კვლევები და ვიცით, რომ ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი და აუცილებელია ამ დაავადებული ფიჭვების მოჭრა, იმისთვის, რომ ჯანსაღი მცენარეები არ დააზიანოს და სხვებსაც არ გადაედოს. ამისთვის გაგრძელდება ჭრები. დაახლოებით, 20 000-მდე ხე არის მონიშნული დედაქალაქში. ანალოგიური პრობლემაა რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში. იქაც უნდა ჩატარდეს სანიტარიული ჭრები, თუმცა, პარალელურად, ვრგავთ ახალ ხეებს და ვუვლით. წელს, 12 000-მდე ხე დაირგვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება და წელს სამი ახალი მიმართულება დაემატება.

„ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში, ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო „თბილისობას“, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, სპექტაკლებს ბრიტანეთის, გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინისა და ბელარუსის დასები წარმოადგენენ.

18 სექტემბერი 2019