განცხადება ინფრასტრუქტურული პროექტების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“ წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) გამოყენების შემთხვევაში პრეტენდენტებისთვის თვალსაჩინო გახდა ამ თანხების დაკავების მექანიზმი, რაც შესაბამისად აისახა, როგორც სატენდერო პირობებში, ასევე ხელშეკრულებებშიც.

წინა მთავრობის პერიოდში წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავება ხორციელდებოდა „ქ. თბილისის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის №01.11.11 დადგენილების შესაბამისად, თუმცა ამის შესახებ პრეტენდენტებისათვის ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე არ იყო ცნობილი. სატენდერო პირობებში და ხელშეკრულებაში ნახსენებიც კი არ იყო ავანსის გამოქვითვის თემა, აღნიშნული დადგენილება კი საჯაროდ ხელმისაწვდომიც არ იყო იმის გამო, რომ დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა არც სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო „მაცნე“-ს ვებ.გვერდზე და არც პროგრამა „კოდექსში“. შესაბამისად, მიმწოდებლისათვის ავანსის გამოქვითვის ზემოაღნიშნული მეთოდის შესახებ ცნობილი ხდებოდა უშუალოდ მიღება–ჩაბარების აქტის წარმოდგენის საფუძველზე ანგარიშსწორების განხორციელებისას, როცა მას სამუშაოების გასაგრძელებლად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე, ჩაერიცხებოდა იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე ჰქონდა გათვალისწინებული.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირი იყო შემთხვევები, როცა სამუშაოთა მწარმოებლები, მომწოდებლები, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში აპროტესტებდნენ აღნიშნული დოკუმენტის კონფიდენციალურობას და მათი საქმიანობის კუთხით პირდაპირ ხელის შეშლად მიიჩნევდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ცვლილება რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანებით შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების წესში, შეეხებოდა 40%-ის ფარგლებში, ავანსად გადახდის შემთხვევაში, საავანსო თანხის პირდაპირპროპორციულ გამოქვითვას, რამაც ჩვენი აზრით, კონტრაქტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივა  40%-ის ფარგლებში აღებულ ავანსებზე ანგარიშსწორების პირობები (იხ. მერის ბრძანებისა და მთავრობის დადგენილების ასლი). შესაბამისად, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობის მიერ, არავითარ უპრეცედენტოდ დიდ ავანსებზე არ გაცემულა მითითება და არ ასახულა შესაბამის ბრძანებაში. ასევე, 100%-მდე ავანსის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის N01.11.11 დადგენილებაც.

კანონით ავანსის გაცემის შესაძლებობა არ იზღუდება. ამასთან, ავანსი გაიცემა მხოლოდ უპირობო გამოუთხოვადი  გარანტიის საფუძველზე, რაც გულისხმობს, კონტრაქტორის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში,  გარანტიის მოქმედების პერიოდში, დამკვეთს (თბილისის მერიას) შეუძლია ნებისმიერ მომენტში გამოითხოვოს წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისი თანხა ან მისი ნაწილი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიების მიერ, ყოველი სატენდერო განაცხადის განხილვა ხდება ინდივიდუალურად და რიგი განსახორციელებელი პროექტების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით, სატენდო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ავანსის გაცემის შესაძლებლობა, მათ შორის სავალდებულო ავანსის გაცემის მოთხოვნაც სამუშაოთა სპეციფიკის გათვალისწინებით. რაც შეეხება სამუშაოთა სპეციფიკას, მასში იგულისხმება: პროექტის შესრულების შეზღუდული ვადები, სამუშაოთა წარმოების გეგმა გრაფიკის დასკვნითი ეტაპებისთვის სამშენებლო სპეც. მასალების და კონსტრუქციების მობილიზების უზრუნველყოფა (მაგ:ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საავტომობილო გზების კაპიტალური მშენებლობა და სხვა), მომწოდებელთა მხრიდან მათი იმპორტირების უზრუნველყოფის ფინანსურად ინიცირება (ავანსის გადახდა) და სხვა.  ამასთან, საქართველოს სამშენებლო სექტორში, არც თუ ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც ლიკვიდურობის და ფინანსური უზრუნველყოფის დონით შეძლებს დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტების საკუთარი რესურსით სრულად განხორციელებას. ამიტომ, აღნიშნული სექტორის წახალისების, მათი მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მოზიდვისა და ფინანსური სტიმულირების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ სექტორის ირიბი ფინანსური მხარდაჭერა, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების ფინანსური უსაფრთხოების ბერკეტის - გამოუთხოვადი უპირობო საავანსო გარანტიის  გამოყენებით. კონტრაქტორებთან მიმართებაში, უპირობო გამოუთხოვადი გარანტია არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველა შესაძლო რისკი, რომელიც დაკავშირებულია ავანსად გაცემული თანხების დაუბრუნებლობასთან.

რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტის ანგარიშზე სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას და თითქოსდა ბიუჯეტისათვის ზარალის მიყენებას,  უცნაურია ჩვენი ოპონენტების ასეთი ზრუნვა ქ. თბილისის მერიის სადეპოზიტო ანგარიშების შემოსავლებზე, იმ დროს, როცა წინა მთავრობის პირობებში 16% სარგებელი ყოვლად დაუსაბუთებლად და ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მნიშვნელოვანწილად იქნა შემცირებული. კერძოდ, 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის დეპოზიტის ზემოთ, შემცირებული იქნა 4%-მდე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ქ. თბილისის საბიუჯეტო შემოსავლებთან მიმართებაში.

მუნიციპალური ბიუჯეტი არ არის არც საბანკო დაწესებულება და არც სხვა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია  დეპოზიტის განთავსებიდან ან სესხის გაცემიდან მიღებულ სარგებელზე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება გადასახადის გადამხდელის უპირველესი მოთხოვნაა. ქალაქ თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობისთვის თბილისის მოქალაქეებისათვის კომუნალური, ინფრასტრუქტურული, სოციალურ - კულტურული პირობების შექმნა სასიცოცხლო აუცილებელი პრიორიტეტებია.

რაც შეეხება საავანსო უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის მოთხოვნით პროექტის სატენდერო ღირებულების გაძვირებას, აღსანიშნავია რომ, აღნიშნული გარანტია არის საბიუჯეტო სახსრების ფინანსური უსაფრთხოების დაცვის ბერკეტი და მისი მოთხოვნა ცალმხრივად არ აძვირებს პროექტის სატენდერო ღირებულებას.

პროექტის ღირებულება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტის, განისაზღვრება დამპროექტებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად და აღნიშნულთან დაკავშირებით უმეტეს შემთხვევაში იდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. რაც შეეხება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების გაზრდას, ცალსახად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ღირებულების ზრდას იწვევს გარემოს დაცვის უსაფრთხოების მოთხოვნები, შესასრულებელი სამუშაოს ექსპერტიზის მოთხოვნები, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნები, ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნები, რომელთაგან უმეტესობა არ იყო ასახული წინა თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ სატენდერო პირობებსა და ხელშეკრულებებში, თუმცა, აღნიშნული მოთხოვნების ასახვა, სამუშაოთა ხარისხიანად შესრულებიდან და მათი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დღესდღეობით თბილისის მერიისათვის პრიორიტეტული საკითხია.

ანალოგიურად ვერ დავეთანხმებით ჩვენ ოპონენტებს, რომ საავანსო უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოთხოვნა თითქოსდა დაუშვებელი,  „მავნებლური“ მოთხოვნაა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ  ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო პირობებში ჩვენს მიერ (კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით)   დანერგილ იქნა ეტაპებად დაყოფილი სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის მოთხოვნა. ყოველი ეტაპის ბოლოს, დამკვეთის მხრიდან  აუცილებელი ინსპექტირება-მონიტორინგის მოთხოვნით და შეუსრულებელ სამუშაოებზე საჯარიმო სანქციებით. შესაბამისად, კონტრაქტორის მხრიდან, მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად  შესრულების ან სამუშაოების გაჭიანურების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ასევე, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დანერგილ იქნა ყველა ინფრასტრუქტურულ ტენდერში ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია.   სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.  შესაბამისად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში (სამუშაოების მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) მიმწოდებელმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საკუთარი ხარჯებით უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. შემსყიდველის მხრიდან შესრულებული სამუშაოები დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.

ასევე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტის ოდენობა 2%-იდან გაიზარდა  5%-მდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტების უსუსური „არგუმენტები“ უპირობო გამოუთხოვადი გარანტიების საფუძველზე გაცემული ავანსების თაობაზე კატეგორიულად მიუღებელია.

მაგალითად: იმ ფონზე როცა თბილისის წინა მთავრობის მიერ, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიზანმიმართული გადადინება ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდში“, საიდანაც ყოველგვარი გარანტიის გარეშე ავანსადაა გაცემული ათეულობით მილიონი ლარი(100 მილიონ ლარზე მეტი) და არსებული ავანსების  შესაბამისი 41 კონტრაქტიდან მხოლოდ ერთზეა წარმოდგენილი საავანსო გარანტია. რაზეც  „თბილისის განვითარების ფონდის“ ამჟამად არსებული ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს ამ დებიტორული დავალიანების ამოსაღებად.

ნიშანდობლივია ისიც, რომ დღევანდელი ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ დროს ა(ა)იპ. „თბილისის განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოში იყო წარმოდგენილი.

ასევე, აღსანიშნავია ქ. თბილისში ათონელის ქუჩაზე არსებული რეზიდენციის მშენებლობისათვის  საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ შ.პ.ს. „არტესზე“ გაცემული 16 მილიონ 400 ათას ლარიანი ავანსი, სადაც ასევე არანაირი საავანსო გარანტია არ ყოფილა წარმოდგენილი და აღნიშნულ კომპანიას დღესაც მნიშვნელოვანი დავალიანება გააჩნია სახელმწიფოს მიმართ. გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელია სხვა მრავალი ანალოგიური მაგალითის მოყვანა.

ამასთან, ჩვენს ოპონენტებს და არა მარტო მათ, გვინდა ვაცნობოთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა ყოველთვის მიიღოს და გაითვალისწინოს კონსტრუქციული რჩევები და შენიშვნები, რომელიც შეეხება მერიის საქმიანობის გაუმჯობესებასა და ეფექტურობის გაზრდას.

21 ოქტომბერი 2014