ვილნიუსის სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეები და მთაწმინდის გამგებელი დაესწრნენ.

ვილნიუსის სკვერის პროექტის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია და იგი ლიეტუვის მხარემ საჩუქრად გადასცა თბილისს.

სკვერის სრული რეაბილიტაცია მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ,ვაიდას რამოშკამ შექმნა და თბილისს უსასყიდლოდ გადასცა.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.

სკვერში დამსვენებლებს ასევე, საშუალება აქვთ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეუძლიათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.

პროექტის განსახორციელებლად, მთაწმინდის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.

 

 

20 სექტემბერი 2019