კახა კალაძე: ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი

„ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, ხოლო პოლიტიკოსებს დაფიქრება საკუთარ განცხადებებზე, რადგან მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

„ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას. ასევე, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის თაოსნობით, მისი ხელმძღვანელობით ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ სირთულეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც მიუღებელია.

„ვფიქრობ, პოლიტიკოსებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ხელი არ შევუწყოთ შფოთვას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ. საოცარ განცხადებებს, პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენთ. ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. ეს ჩვენ ყველას გვაზარალებს, რადგან ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ობიექტური, ლაკონური და ჩვენი მოწოდებები, ეს იქნება ტრიბუნებიდან თუ ამბიონიდან, მიმართული იყოს მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალსა და რწმენაზე. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ დაპირისპირების გაღვივებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

01 ნოემბერი 2019