თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის თქმით, ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას ზუსტად ორი წლის წინ, 13 ნოემბერს შეუდგა.

„დღეს 13 ნოემბერია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელოთ ქალაქს. ზუსტად 13 ნოემბერი იყო, როდესაც მერიაში ოფიციალურად შევედით და ჩვენს საქმიანობას შევუდექით. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა თბილისელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც პირადად მე, ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს.

„ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არსებობს პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ყველა დღე, ყველა საათი, ყოველი წუთი ჩვენი მოქმედებების, მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი მოწესრიგებული იყოს, ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა გვქონდეს, იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უსაფრთხო ქალაქი. შესაბამისად, ჩვენ ამ შემართებით და მოტივაციით, ვემსახურებით თბილისს და თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. აღნიშნული ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.

„ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის - 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იქნეს მოწოდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზანია, თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს და მოცდის ინტერვალი შემცირდეს.

„ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს, რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის განაცხადებით, თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრ არასწორ ინფორმაციას ვისმენდით. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, არსებული სიტუაცია ძირეულად შეესწავლა და პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო მერიის მუნიციპალური ინსპექციის, გარემოს დაცვის ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. მთლიანად თბილისის ზღვის ირგვლივ არსებული პერიმეტრის შემოწმების სამუშაოები დაიწყო. გამოვლინდა რამდენიმე წერტილი. საქმე გვქონდა, როგორც იურიდიული პირების მხრიდან, ასევე, კერძო დასახლებებიდან გამომდინარე უკანონო ჩადინებებთან, თუმცა მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საუბარი არ არის სასმელ წყალზე, რადგან მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. ამას აკეთებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელსაც წყლის ხარისხიანად მოწოდების ვალდებულება აქვს. შემიძლია 100%-ით, დანამდვილებით გითხრათ, რომ სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთების რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაში წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინება, არასწორია.

„ზოგადად, თბილისის ზღვაზე გამოიკვეთა გარკვეული არასწორი დაერთებები. მაგალითად, ივერთუბნის დასახლებაში, სადაც დაახლოებით, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლების წინ, დედაქალაქის მერიამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო. დღეს კი ვაწყდებით ბევრ შემთხვევას, რომ მოხდა უკანონო ჭრები და შემდეგ, ამ სანიაღვრე ქსელზე წყალარინების ქსელის პირდაპირი დაერთებები. ეს  ყველაფერი თბილისის ზღვის ახლოს მდებარე პატარა ტბაში ჩაედინება. ნალექიან ამინდში კი გარკვეულწილად, თბილისის ზღვაში გადაედინება. ეს სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, საუბარი იყო, რომ თითქოს, წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში. ეს არასწორი ინფორმაციაა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფმა“ ზღვაში გადაყრილი აზბესტის მილების ნარჩენები აღმოაჩინა და ტერიტორია დაასუფთავა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ GWP-სთან ერთად, შესაბამისი პროექტი განვახორციელოთ. შედეგად, იქ მცხოვრებ 600 ოჯახს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი ექნება. რაც კი საჭიროა, ეს უბანი ყველანაირად მოწესრიგდება - რეაბილიტირებული ქუჩებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და ა.შ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს სამუშაოები GWP-სთან ერთად ჩავატაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაა. მისი თქმით, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად, საგზაო მოძრაობაც აღდგება, გზატკეცილის კეთილმოწყობის სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.  ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს.

„კახეთის გზატკეცილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. შეიძლება სულ რამდენიმე დღე გადაცდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, GWP-მ დაზიანებული ქსელი აღმოაჩინა და მისი ჩანაცვლების  სამუშაოები დაიწყო. ამდენად, ისნის პანდუსთან განთავსებულ 120-მეტრიან მონაკვეთში განახლებული ქსელი გვექნება. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ წლების შემდეგ რაიმე პრობლემამ თავი არ იჩინოს. პროექტი იდეალური იქნება, როდესაც დასრულდება თავისი გამწვანებითა და განათების სისტემით. ნოემბრის ბოლოს საგზაო მოძრაობა გახსნილი უნდა იყოს და ავტომობილებს შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ გადაადგილება. პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, განათების ბოძები შევცვალოთ და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ განვათავსოთ. პარალელურ რეჟიმში, იწარმოებს საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაავალა, მირზა შაფის ქუჩაზე არსებულ კლდის მასივზე, სადაც ვერტიკალური ნაპრალია წარმოქმნილი, უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ.

„მინდა, შევეხო კიდევ ერთ პრობლემას - მირზა შაფის ქუჩაზე არსებულ კლდის მასივს, რომელსაც ზედა ნაწილში ბააზოვის ქუჩა ესაზღვრება. ჩვენ ვიცით ეს კონკრეტული ადგილი. იქ გარკვეული პროექტი განხორციელდა. ამჯერად, არ დავიწყებ საუბარს, თუ რამდენად მართებული იყო იქ ამ პროექტის განხორციელება, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ კლდის ფერდის გარკვეული ნაწილის ეროზია მიმდინარეობს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და გვინდა, დავავალოთ „თბილსერვის ჯგუფს“ - ადგილზე შესაბამისი სამუშაოები აწარმოოს, რათა ქანების ჩამოშლა არ მოხდეს და ყველანაირი საფრთხე თავიდან იყოს აცილებული“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს. კუს ტბის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულდება.

„კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და  ძალიან ცუდად გამოიყურება.  ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ  ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ არ გვიწევს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართები თამარაშვილის N38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს, ჭიჭინაძის N12-ში მცხოვრებ სამ ოჯახს, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ 13 ოჯახს, გახოკიძის N8-ში მცხოვრებ ოთხ ოჯახს, გლდანის პირველ მიკრორაიონში, 3 ბ-ში მცხოვრებ 17 ოჯახს, მესამე მასივის ზემო პლატოზე, N42 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს დაუკანონდება. 

„ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა სიხარული და ბედნიერებაა ეს. ჩვენ ვხვდებით ამ ადამიანებს და სიმბოლურ ფასად გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, ითხოვდნენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი უფროსი გიორგი ბაგრატიონი კი ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე „თბილსერვის ჯგუფის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს ჩვენ გვაჩვენა, როდესაც ის „თბილსერვისს“ ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და მინდა, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად საკრებულოს დასამტკიცებლად, რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა წარედგინება.

„რომეო მიქაუტაძესთან ჩვენ წლების განმავლობაში, თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მაშინ ის „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და ქვეყნისთვის მართლაც ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული, რაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას, ასევე, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ზოგადად აწუხებს ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

13 ნოემბერი 2019