მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების დამაკავშირებელი გზა ქვედა ფენებში უკვე დამთავრებულია. ცალმხრივად უკვე დღეიდან გაიხსნება. 9 დეკემბერს ზედა ფენებიც იქნება მოწყობილი და შესაძლებელი იქნება გადაადგილება. რაც შეეხება დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ განახლებული აღმაშენებელი ამ გზით უკავშირდება განახლებული ორბელიანის მოედანს. ერთი ძალიან დიდი ტურისტული სივრცე იქნება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და  დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს საფეხმავლო გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

ამ ეტაპზე მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების, თაღის მალის ნაშენის ქვისა და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ბოძკინტების მონტაჟი და გვირაბის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება ზაარბრიუკენის ხიდის კამარების სარეაბილიტაციო და საფეხმავლო ნაწილზე ბაზალტის ფილების მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოების ფარგლებში იგეგმება რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას.

პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კი 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარამდე შეადგენს.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე,  თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა და სხვა პირები.

04 დეკემბერი 2019