თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღოდა თბილისის მერის ანგარიში, რომლის წარდგენისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტიც პრიორიტეტულ მიმართულებებს და დედაქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება.
ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები საკრებულოს წევრების წინაშე თბილისის ვიცე-მერმა წარადგინა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი 1 მილიარდ 20 მლნ ლარია, თუმცა მასში არ არის ასახული რამდენიმე კომპონენტი.

„ეს არის ნაშთი, რომლის გადატანა ერთი წლიდან მეორეში ყოველთვის ხდება და რომელიც, დაახლოებით, 140 მლნ ლარი იქნება. ასევე, 256 მილიონი ლარი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი სესხია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, თბილისის 2020 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულების ჯამი დაახლოებით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით 1 მილიარდ 20-მილიონიანი ბიუჯეტის პროექტიდან, დაახლოებით, 980 მილიონი ლარი თბილისის საკუთარი შემოსავლებია, რომელშიც შედის გადასახადები, ქონების გადასახადი და დღგ; სპეციალური ტრანსფერი - 90 მლნ ლარი და ასევე, პრივატიზაცია, რომელიც 40 მლნ ლარს შეადგენს.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის გადაჭარბებული შემოსავლებით დამატებით, 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა მოახერხა. ასევე, შეთანხმებას მივაღწიეთ სამარშრუტო ტაქსების კომპანიასთან, რათა ტარიფის ზრდის გარეშე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის დაწყება მომხდარიყო. აღნიშნული პროგრამისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა მოხდება. ეს თანხები მთლიანად შეტანილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში და უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თანხები უკვე მობილიზებულია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშეკმრების მოწყობისთვის. ტენდერი 20 იანვარს სრულდება, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ 2020 წლის პროექტი. გაზშემკრების მშენებლობა 2020-2021 წლებში გაგრძელდება და ბიუჯეტის ფორმირებაც იმის მიხედვით მოხდება. შესაბამის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისის ვიცე-მერის თქმით, მომავალ წელს იგეგმება ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მისამართის რეაბილიტაციის დასრულება; გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია; ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ჯორჯაძის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია; მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ორი შენობის რეაბილიტაცია; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის დაწყება; დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომავალი წლისთვის მნიშვნელოვანია ასევე, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტების გაგრძელება.

„აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები და გამოვლენილია ის შენობები, სადაც რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვების შენობიდან გაყვანაც მოგვიწია. აქედან გამომდინარე, 2020 წელს დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რათა 26 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოხდეს. ზოგ შემთხვევაში, უკვე არსებული ბაღის დემონტაჟი და ახალი, უსაფრთხო შენობის აშენებაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართულებთ, იგეგმება მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულება; ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება; გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება; ქეთევან წამებულის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია; უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე არსებული ხიდის მშენებლობის დაწყება; ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.

ვიცე-მერის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით, დაგეგმილია ვარკეთილისა და დიდი დიღმის მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის დასრულება; ლილოს დასახლებაში, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზის მშენებლობა; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტის გაგრძელება, რომლისთვისაც დაახლოებით, 12 მლნ ლარია გამოყოფილი; EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტი დამატებით, მეტროს 10 ახალ მატარებელს შეისყიდის; 12 მლნ ლარი თემქის ხევის, ვაკის პარკისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა.

27 დეკემბერი 2019