თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის პირველი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძის განცხადებით, გასული წელი განსაკუთრებული იყო და საახალწლო ღონისძიებები კარგად იყო ორგანიზებული.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში იყო ჩართული და ზოგადად, დედაქალაქის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავდა. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე უცხოელი ტურისტები. ყველა აღფრთოვანებულია. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის - საახალწლო ილუმინაციებით, საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იყო. ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ორბელიანის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მთლიანად ქალაქი იყო ძალიან ლამაზად და ყველას, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა და ჩართული იყო. არ შემიძლია არ გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ასევე, ბიზნესი. ბიზნესის ხელშეწყობითა და ურთიერთთანამშრომლობით, ახალ წელს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. მინდა, რომ ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს და ეს დადებითი მუხტი 2020 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოვიყენოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით, მილიარდ 245 მილიონი ლარია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით კი, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში, დაახლოებით, მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება.

მისი თქმით, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

„2017 წელს დაახლოებით, 815 მლნ იყო დედაქალაქის ბიუჯეტი, წინა წლებში კიდევ უფრო ნაკლები. 2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ 900 მილიონამდე გაგვეზარდა. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გადააჭარბებდა მილიარდ ლარს და 2019 წელს ასეც მოხდა. წლევანდელი, 2020 წლის ბიუჯეტი არის დაახლოებით, მილიარდ 245 მილიონი ლარი. ეს თანხები ძირითადად, დაიხარჯება ორი ძირითადი მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ამას დაემატება დაახლოებით, 270 მილიონი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად მოწესრიგდეს. დაახლოებით, მილიარდ ნახევარი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, თბილისის რაიონების გამგებლებს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

„წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებშიც განსხავებულია და მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათი ჩართულობა, განხილვები სხვადასხვა პროექტის შესახებ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები - რა უნდათ საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში, რომ პირველ რიგში გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ადგილობრივების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. კახა კალაძის თქმით, კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი და პრინციპული იქნება.

„მინდა, გავაფრთხილო ყველა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციის მხრივ, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, პრობლემებთან მარტო არავის დავტოვებთ. იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. იყო მაგალითები, თუ რა დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან მსგავს ფაქტებზე. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით პრევენციისთვის და ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

„რამდენიმე თვის წინ, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამისთვის საჭირო იყო თბილისის ფოტოები სხვადასხვა უბნიდან, ლოკაციიდან. შევარჩიეთ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში ჩვენი დედაქალაქის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა დღეიდან, 15 იანვრიდან დაიწყება და 5 თებერვლამდე გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ყოველწლიურად უფრო მეტი ტურისტი გვესტუმროს.

„ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი , ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და სრულდება 5 თებერვალს 14:59 საათზე. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან.

ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.

15 იანვარი 2020