თბილისის მთავრობა შპს „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას მოუსმენს

10 ოქტომბერს 14:00 საათზე თბილისის მთავრობა შპს „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, პარასკევის ტრადიციული მოსმენების ფორმატში, შეფასდება „თბილსერვისის“ საქმიანობა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც იმსჯელებენ, მათ შორის, განიხილება ქალაქის ვიწრო ქუჩებში დასუფთავების მანქანების მოძრაობის სქემის შეცვლის საკითხი,  რათა პიკის საათებში საავტომობილო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების: შპს „ჰერმესის“, „სითი-პარკის“, „თელასის“, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, outdoor.ge-ს, „GWP“-ს და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

08 ოქტომბერი 2014