2020-2021 წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020-2021 წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტების განსახორციელებლად ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მსხვილი პროექტების წარმოება ერთდროულად არ მოხდეს, რათა დედაქალაქის მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას.

„დღეს მხოლოდ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა საპროექტო დოკუმენტაცია უკვე არსებობს. დარჩენილია მხოლოდ ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. პარალელურად, ვიმუშავებთ იმაზე, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება ერთდროულად არ მოხდეს, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ. ეს შეიძლება დამატებითი პრობლემა იყოს და თბილისელებს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას. ჩვენ ამ ყველაფერს ისე გადავანაწილებთ და დავგეგმავთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევქმნათ. ყველანი ვთანხმდებით, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია, თუ ის სამუშაოები არ შესრულდა, რაც ასეთ დიდ პროექტებს უძღვის წინ. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გაზისა და წყალარინების სისტემების შეცვლა. ყველაფერი ეს უნდა გამოსწორდეს, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ პრობლემები არ შეგვექმნას და ახლადგაკეთებული ქუჩების რეაბილიტაცია თავიდან არ მოგვიწიოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი ძირეულად მოწესრიგდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად დედაქალაქის მერის მოადგილეებმა, მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის.

მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებს შორის თემქის ხევის რეაბილიტაციაა, რომელიც დაახლოებით, 22 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პარკში მოეწყობა გადასასვლელი ხიდები, კაფეები, სპორტული მოედნები და ორი ხელოვნური ტბა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მნიშვნელოვან პროექტებს შორის ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციაც შედის. რეაბილიტაცია დაახლოებით, 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება. სამუშაოები, რომლის ღირებულება საერთო ჯამში, 30 000 000 ლარია, პარკის რეაბილიტაციის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14 836 147 ლარია. პარკი, როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.

გარდა ამისა, იგეგმება გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ფართობი 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სამუშაოების განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება.

2020-2021 წლებში დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოხდება ვარკეთილში არსებული ორი სკვერის რეაბილიტაციაც. ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მდებარეობს, რომლის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 7 600 კვ.მ ფართობი განახლდება, დაირგვება დიდი ზომის ხეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და როგორც სარწყავი, ასევე, სანიაღვრე სისტემები მოეწყობა; იგეგმება ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. სამუშაოების ფარგლებში, განახლდება 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია. აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებსაც მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნული მიმართულებით, რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ზ. ჟვანიას სახელობის მოედანზე, პეკინის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროებზე, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართზე და ა.შ.

გარდა ამისა, იგეგმება მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე არსებული გამწვანებული სივრცე განახლდება. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 მლნ ლარია. მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზე და 28 000 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე წელს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც იგეგმება. ტერიტორიის საერთო ფართობი 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტბის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიგანე - 160 მეტრია. სამუშაოების განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება

2020-2021 წლებში დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაც დაიწყება, რომელთა შორის მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დამაკავშირებელი პროექტია. სამუშაოების ღირებულებაა 21 634 083 ლარია და მის დასრულებას დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება; წელსვე დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 56 029 454 ლარია; მიმდინარე წელსვე განხორციელდება ქეთევან დედოფლის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდება შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება. პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარია. გარდა ამისა, იგეგმება მინდელის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, რომელთა შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაციაა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდება და მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი იქნება; მიმდინარე წელს ასევე, დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, მოხდება შენობის გამაგრება და ჩატარდება კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

თბილისის განვითარების ფონდი ასევე, იწყებს მტკვრის სანაპიროების რეაბილიტაციის პროექტს. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება დედაენის ბაღის კიდევ უფრო მიახლოება მტკვრის კალაპოტთან, მოიხსნება ჯებირები, მოეწყობა ქვის კიბეები. ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცე სრულად ადაპტირდება მტკვრის კალაპოტთან. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება; 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კადეტთა კორპუსსაც. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯება.

ამასთან, თბილისის განვითარების ფონდი განაგრძობს ისეთი პროექტების განვითარებას, რომელიც დედაქალაქში ერთიან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. ესენია: დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია. ორივე ბაღის ფართობი, დაახლოებით, 40 000 კვადრატული მეტრია. სამუშაოების განხორციელებას 17 მილიონი ლარი დასჭირდება და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

რაც შეეხება გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.

2020-2021 წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, ბიზნესომბუდსმენი, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

იხილეთ პრეზენტაციის სრული ვერსია.

06 თებერვალი 2020