„ვისოლ ჯგუფმა“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კახი კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თბილისის რაიონების გამგებლებთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ღონისძიებას, რომელიც გუშინ დავიწყეთ და ხანდაზმულებისთვის ნობათების გადაცემას ითვალისწინებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო კომპანია „ვისოლს“. მათ მიერ დღეს მოტანილი პროდუქტები არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. გუშინ ანალოგიური ღონისძიება გვქონდა. დეველოპერული კომპანია „არქი“ იყო პირველი, ვინც პროდუქტები მოიტანა. ამ ნობათებს ჩვენი მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები არიგებენ იმ ოჯახებში, ვისაც ეს სჭირდება. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ანალოგიურ ღონისძიებებში, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ მერიის ცხელ ხაზზე და ჩვენ მზად ვართ, მათი ჩართულობა უზრუნველვყოთ. ამით მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანონ ადამინების დახმარების საქმეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

26 მარტი 2020