ერთ-ერთი საკარანტინო ზონა კიდევ 85-მა მოქალაქემ დატოვა

თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია ინნ“-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 85-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელი დაუბრუნდნენ.

საკარანტინო ზონიდან გამოსული 24 მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

„დღეს კიდევ 85 ადამიანი ტოვებს საკარანტინო ზონას სასტუმრო „ივერია ინნ“-იდან. ეს ადამიანები არიან სრულიად ჯანმრთელი. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს ამ დიდ სიხარულს. მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ტურიზმის ადმინისტრაციას ამ პროცესის ორგანიზებისთვის, ასევე, სასტუმრო „ივერია ინნ“-ის ხელმძღვანელობას, პერსონალს და თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხელმძღვანელობას. თბილისის სამარშრუტო ტაქსებით 85 ადამიანიდან 24-ს საქართველოს შვიდ სხვადასხვა რეგიონში გადაიყვანენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

30 მარტი 2020