თბილისის მერიის განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ მერიასთან შეკრებილი რამდენიმე თანამშრომლის უსაფუძვლო განცხადებებს. თბილისის მერიის სისტემაში დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. ისინი ამ დროისთვისაც იმყოფებიან საკუთარ სამუშაო ადგილებზე და ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში ვეღარ იმუშავებენ არაპროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელების მიერ მიცემულ ელემენტარულ დავალებებსაც კი ვერ ასრულებენ. რაც შეეხება სხვა ათასობით თანამშრომელს, რომელიც კვალიფიციურად ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, ცხადია, ასეთი ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას. ამავდროულად, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩატარდება ატესტაცია, რომლის საფუძველზეც დაკომპლექტდება მერიის სამსახურები.

რაც შეეხება ახალი თანამშრომლების დანიშვნას, მათი შერჩევა ხდება პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

04 სექტემბერი 2014