სადეზინფექციო სამუშაოები ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებში ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზები ამჯერად, ნუცუბიძის II, III და IV მიკრორაიონებში მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე, ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარდა.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

18 მაისი 2020