თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება და იქ მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული ახალი ავტობუსები იმოძრავებს. შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა არსებული ნაკადის მომსახურება შესაძლებელი გახდება, რაც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

თბილისის მერმა ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის დაწყება მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, დავიწყეთ ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, რადგან მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამ რეფორმაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ამუშავებს, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, ხიდები. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები შემუშავდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, ვმუშაობდით იმაზეც, რომ თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქები მოგვეკვლია და მასთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთია თბილისი-რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 30 000 ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერიაში არაერთი მოთხოვნა შემოდის.

„ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა თბილისი-რუსთავის გზაზე სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თბილისიდან რუსთავში ჩამოსვლა და პირიქით, რუსთავიდან თბილისში გადაადგილება. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად იქნეს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი - განახლებული, ახალი ავტობუსები იმოძრავებს, როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის განახლების გეგმას კიდევ ერთხელ შეეხო და შესყიდვების პროცესის შეფერხების მიზეზები განმარტა.

„შესყიდვები დაწყებული გვაქვს და ახლა ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში შემოსვლას მალე დაიწყებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ვაპირებთ კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას და შემდეგი იქნება უკვე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ყველა ამ ღონისძიებით მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იქნება ისეთი, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იყო და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტენდერი დროებით შევაჩერეთ. მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი აუცილებლად განახლდება და მოწესრიგდება. ამ პროექტების განხორციელების პარალელურად, ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე იმოძრაოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. თბილისის მერმა შესრულებული სამუშაოებისთვის „მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და მერიის შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ და მერიის ყველა იმ სამსახურს, ვინც ჩართულია პროექტის განხორციელებაში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ქალაქის ცენტრში მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის. ყველას გახსოვთ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, რომელიც თავს დაატყდა დედაქალაქს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე - გაუბედურებული იყო ყველაფერი. ახლა სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ძალიან მალე, ქალაქს უკვე განახლებული „მზიურის“ პარკი ექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერია „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსებასა და ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის მოწყობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ასევე, ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს, რომელსაც უშუალოდ დედაქალაქის მერია განახორციელებს. ეს იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი. ასევე, ვამუშავებთ „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით გადასასვლელი ხიდის მოწყობის პროექტს. ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება, რომელსაც მოსახლეობას შევთავაზებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

„თბილისის მერიას ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მასთან უახლოებს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოებიი დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც დაახლოებით, ორ კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია, მოუწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. ასევე, დაზიანებულია გზაზე არსებული ასფალტობეტონის საფარი.

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შესახებაც, თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეხვედრას გამართავს. ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა “, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება.

„როგორც იცით, კაპიტალური რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ბარათაშვილის აღმართს. ის მართლაც უნიკალური გამოვიდა, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჩვენს დედაქალაქში. ასევე, სრულად განახლდა ბარათაშვილის ხიდი და ორბელიანის მოედანი. რამდენიმე დღეში კი ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის ბოლო ფენა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიგება.  

„გასულ წელს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების თავები წამოწეულია და გამზადებულია, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ეს პროცესი ხვალ საღამოს დაიწყება და კვირის ბოლომდე ატენის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად დასრულდება. ამ სამუშაოების პარალელურად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება დასრულებულია. იქაც ქვედა ფენებში გზა მოეწყო და დროებითი საგზაო მონიშვნებიც დაიხაზა. ჭავჭავაძის გამზირი დაახლოებით, სამი კილომეტრია, რომელიც მთლიანად განახლდება და ულამაზესი პროექტი გამოვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას, დედაქალაქის მერის თქმით, აქაც ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება და სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

„მინდა, ასევე ვისაუბრო გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც ასევე, დასასრულს უახლოვდება და იქაც უკვე ასფალტის ბოლო ფენების დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური საავტობუსე ზოლები, გაფართოვდა ტროტუარები, რომ მოქალაქეებმა ფეხით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, განათების ბოძები დამონტაჟდება. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები აქაც მთლიანად შეიცვალა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს გადაეცემა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აღნიშნული პრობლემით უამრავი ადამიანი მოგვმართავდა, ძალიან ბევრ ოჯახს ვხვდებოდით, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრამა წამოვიწყეთ, რომლითაც დაახლოებით, 900-მდე ოჯახმა ისარგებლა და მოვახერხეთ, მათთვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაგვეცა ის ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. დღეს 27 ოჯახს გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. მინდა, მათ მივულოცო. ეს კეთილი საქმეა, რომელსაც მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა. კერძოდ, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მისი მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება.

კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

„მინდა, სოფიო ხუნწარიას დიდი მადლობა გადავუხადო. მან საკუთარი განცხადების საფუძლევზე, თანამდებობა დატოვა. ის პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრი იყო და დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული. ნამდვილად მეამაყებოდა საახალწლო ღონისძიებებისა და „თბილისობის“ შემდეგ მიღებული კომპლიმენტები. ასევე, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ერთად წამოვიწყეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. მასში ფაქტობრივად, ყველა იყო ჩართული და ხელოვნების წარმომადგენლებს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიონალიზმი საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ. ეს ყველაფერი სოფიო ხუნწარიას დამსახურებაა. ნამდვილად გული მწყდება, რომ გვტოვებს. ის კერძო სექტორში გადადის და მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენს გვერდით იქნება და ბევრ რამეში დაგვეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მის შემცვლელს, დედაქალაქის მერმა საკუთარი მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა წარადგინა.

„ანდრია ბასილაია 2017 წლიდან ჩვენი გუნდის წევრია. ის სხხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და წარმატებული ახალგაზრდაა. პროფესიით ეკონომისტი/პოლიტოლოგია. დამთავრებული აქვს ნიუ იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტჰაუნის სკოლა აშშ-ში. ის პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია. მინდა, მას წარმატებები ვურსურვო. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და ჩვენი ქალაქისთვის საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცვლილება შეეხო თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურსაც, რომელსაც ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, მის წინამორბედს, გიორგი ებანოიძეს კი მადლობა გადაუხადა.

„ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურში. ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. იცით ჩემი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, ურბანული თვალსაზრისით ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს და არ დავუშვათ ის კატასტროფა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი მთავრობის მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაუხვევს. ეს არის სწორი გზა, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებსა და პარკებში მშენებლობების განხორციელებას. ამის უამრავი მაგალითი გვქონდა. იყო ბევრი ისეთი ნებართვა გაცემული, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორ წილოსანი ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ერთიანი ძალისხმევით, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას მოვახერხებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოსტზე მის წინამორბედს, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გიორგი ებანოიძე მუშაობას „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.

20 მაისი 2020