ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილება უზრუნველყოფს კულტურის სფეროს პროექტების, პროგრამების, ინოვაციური იდეებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას. განყოფილება, ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, თავის საქმიანობას ახორციელებს ძირითადად სამი მიმართულებით: კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 08 05), კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ (პროგრამული კოდი 08 09), ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 08 13). განყოფილებასთან მუშაობს შესაბამისი პროფილური კომისიები, რომელთა საქმიანობა მოიცავს ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვას და შეფასებას მათი განხორციელების ხელშეწყობისა და დაფინანსების გამოყოფის მიზნით. პროექტების დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის #37-12 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების წესის“ თანახმად (იხ. დანართი „დაფინანსების წესი“)

განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:  

  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროზე ორიენტირებული, პროექტებისა და ინოვაციური პროგრამების მომზადება და განხორციელება;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო, თეატრალური, სადღესასწაულო და საიუბილეო თარიღების აღსანიშნავი პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 08 05);
  • კულტურის სფეროში კონკურსებისა და ფესტივალების, ქუჩის ხელოვნების (სტრიტ არტი), თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სხვა შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 08 05);
  • კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ ფარგლებში, შემოქმედებითი ინდუსტრიის მდგრადი განვითარების მიზნით, საგამომცემლო საქმიანობის, დიზაინისა და რეწვის, ვიზუალური ხელოვნებისა და მედიახელოვნების მიმართულებებით წარმოდგენილი პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 08 09);
  • ინკლუზიური ხელოვნების და განათლების მიმართულებების განვითარება (პროგრამული კოდი 08 13);;

განყოფილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ საორგანიზაციო საქმიანობას:

  • სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
  • კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მათი შესრულება;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფა და სხვა, სამსახურის მიმდინარე საქმიანობასთან არსებულ პროცესებში მონაწილეობა.

პროექტების წარმოდგენის ზოგადი პროცედურა

პროგრამების - კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 08 05) და „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 08 13) - ფარგლებში პროექტი განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამის საპროექტო განაცხადის ფორმაში წარმოდგენის შემდეგ, შემდეგი პირობების დაცვით (გარდა კონკურსისა „შემოქმედებითი თბილისი“):

  • საპროექტო განაცხადები მიიღება სულ მცირე, ღონისძიების განხორციელებამდე 20 კალენდარული დღით ადრე;
  • განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ იურიდიულ (შპსააიპსსიპ...) და მეწარმე ფიზიკურ პირებს (ინდივიდუალური მეწარმე, მცირე მეწარმე)
  • საპროექტო განაცხადის ფორმას, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ახლდეს თავსართი წერილი პროექტის შესახებ მოკლე ანოტაციით, ქ. თბილისის მერის ან კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის სახელზე;
  • პროექტში მაქსიმალურად უნდა იყოს გადმოცემული ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებებისა და შემოქმედებით-საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობის        (ადგილობრივი და მოწვეული მონაწილეები, ჟიურის წევრები, კოლექტივები და სხვა) შესახებ; ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს დასაბუთებულად. (იხ.მიმაგრებული ფაილი - „განაცხადის ფორმა“)
  • პროექტის დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილების, მაგრამ ნაწილობრივი დაფინანსების გამოყოფის, ბიუჯეტის დაზუსტების ან სხვა ინფორმაციის კორექტირება-დაზუსტების შემთხვევაში, ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს განაცხადის დაზუსტების ფორმაში (იხ.მიმაგრებული ფაილი - „დაზუსტების ფორმა“)
  • თეატრალური პროექტების შემთხვევაში
  • წარმოდგენილ განაცხადს უნდა ახლდეს წერილობითი თანხმობა შესაბამისი თეატრიდან ან ალტერნატიული სივრციდან, სპექტაკლის განხორციელებაზე თანხმობის შესახებ;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შემოქმედებითი ჯგუფის (რეჟისორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, მხატვარი, მთარგმნელი, სამსახიობო ჯგუფი, და სხვა) შესახებ;
  • პროექტს უნდა ახლდეს დეკორაციის და კოსტუმების ესკიზი;
  • პროექტს უნდა ახლდეს პიესა ან ინსცენირება (დიდი მოცულობის ტექსტის შემთხვევაში განაცხადს უნდა ახლდეს კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი  პიესა Word-ის ფორმატში).

!!! თეატრალური პროექტების განხილვა მოხდება სამ ეტაპად - თებერვლის, აპრილის და სექტემბრის თვეების ბოლო კვირაში

სტრიტ არტის მიმართულების შემთხვევაში:

სტრიტ-არტის მიმართულების მიზანია და დაფინანსებას დაექვემდებარება ისეთი სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც:

1. ხაზს გაუსვამს ქალაქის იდენტობას, წარმოაჩენს როგორც ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კულტურას, ასევე გაითვალისწინებს უცხოურ გამოცდილებას;

2. ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი ტურისტული სამიზნის შექმნას და ახალგაზრდების დაინტერესებას ხელოვნებით;

3. მიმართული იქნება აღიარებული სოციალური საკითხების (ბავშვთა უფლებების დაცვა, ძალადობა, დისკრიმინაცია, ეკოლოგია და სხვა) დაფიქსირებისკენ.


• განაცხადების მიღება მოხდება ერთჯერადად, მითითებულ ვადებში.


დაფინანსებას არ ექვემდებარება:


პროექტები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანომდებლო აქტებით განსაზღვრულ კანონდარღვევებს, და საზოგადოებრივი ეთიკისა და მორალის წესებით შეჯერებულ დისკრიმინაციულ, შეურაცხმყოფელ ვიზუალურ ან ტექსტურ შინაარსს.


განაცხადის წარდგენა შეუძლია:


საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს).


განაცხადის წარდგენის ვადები:


1. განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

2. განაცხადებს (პროექტებს) განიხილავს და აფასებს შესაბამისი პროექტების განმხილველი კომისია, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში და იღებს სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განაცხადით გათვალისწინებული პროექტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა.

სხვა პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:


1. განმცხადებელს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი (პროექტი);

2. განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს მონაწილე არტისტების ვინაობა და შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ესკიზები;

3. განაცხადს უნდა ერთვოდეს სამუშაო კედლის (ან შესაბამისი სივრცის) 3-4 ფოტო, საკადასტრო კოდი და მფლობელის* თანხმობა

* თუ სამუშაო კედელი/სივრცე ამხანაგობის მფლობელობაშია ან კერძო საკუთრებას წარმოადგენს, განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი ოქმი/თანხმობის წერილი ამხანაგობის თავმჯდომარის ან კერძო საკუთრების მფლობელის/ შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

** თუ სივრცეს კონკრეტული მფლობელი არ გააჩნია, სამსახური უფლებას იტოვებს, შეათანხმოს საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოსთან.

4. განსახილველად ატვირთული დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა უკან არ ბრუნდება.

5. სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განაცხადთან (პროექტთან) დაკავშირებით, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია/ვიზუალური მასალა.

6. გამარჯვებული აპლიკანტის მიერ საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების საბოლოო ვადას.

!!! დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება დამატებით.

!!! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საპროექტო განაცხადში მოცემულ დამატებით ინფორმაციას და პროექტი წარმოადგინოთ ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.

 კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ (პროგრამული კოდი 08 09)

„შემოქმედებითი თბილისი“ ითვალისწინებს საგამომცემლო საქმიანობის, დიზაინისა და რეწვის, ვიზუალური ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას. მათ შორის, მედიახლოვნების მიმართულებით პროექტების მიღება ხდება წელიწადში ერთხელ, ხოლო დანარჩენი სამი მიმართულებისთვის - წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. პროექტები უნდა აიტვირთოს ვებ-გვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge , სადაც მოცემულია ყველა საჭირო ინფორმაცია და ინსტრუქცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ.

პროექტების ანგარიშგების პროცედურა

სამივე პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვა უნდა მოხდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების და შეთანხმებული ბიუჯეტის სრული დაცვით. ბიუჯეტში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ღონისძიების განხორციელებამდე, წერილობითი მომართვისა და ცვლილების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე.

  • პროექტისთვის გამოყოფილი თანხის ანაზღაურება ხდება მისი განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ანგარიშის ფორმა, ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვიზუალური მასალა) წარმოდგენის შემდეგ. ავანსად თანხის მოთხოვნისთვის აუცილებელია საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელების ვადას (იხ. დანართი „ანგარიშის ფორმა“ და „ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ინსტრუქცია“).

 

განაცხადის ფორმა

დაზუსტების ფორმა

ანგარიშის ფორმა

ინსტრუქცია საბუთების წარმოსადგენად