მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონი ბოლო დრომდე შედგებოდა სამი სუბიექტისაგან: მთაწმინდის, დიდუბის და სომხური პანთეონებისაგან.

2018 წელს თბილისის პანთეონს დაემატა კიდევ ერთი სუბიექტი - მახათას ახალი პანთეონი.                                                                

მთაწმინდის პანთეონი: ამჟამად მთაწმინდაზე 53 საფლავი და ერთი სანაწილე- ძვალთშესალაგია (ივ. მაჩაბელი). ასევე, 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ქართველ ხელოვანთა სიმბოლური საფლავი-მემორიალი დგას. მთაწმინდის პანთეონში განისვენებენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაქტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვ. მათ საფლავებზე დგას იაკობ ნიკოლაძის, ელგუჯა ამაშუკელის, მერაბ ბერძენიშვილის, ფელიქს ხოდოროვიჩის, სანტინო კამპიონის, გიორგი შხვაცაბაიას, იოსებ ანდრიაძის და სხვა მოქანდაკეთა ნამუშევრები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის დავით ერისთავისა და დიმიტრი ყიფიანის თეთრ მარმარილოში შესრულებული ბიუსტები (ავტორი ფელიქს ხოდოროვიჩი).

დიდუბის პანთეონი: ამ პანთეონის ისტორია იწყება 1893 წელს, როდესაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივითა და ძალისხმევით განჯიდან გადმოასვენეს დიდი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი და დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. ამავე წელს გარდაიცვალა ალექსანდრე ყაზბეგი (რომელიც თავის მშობლიურ სტეფანწმინდაში დაკრძალეს) და მეტად აქტუალური გახდა თბილისში პანთეონის დაარსების საკითხი. 1915 წლის 26 მაისის განჩინებით საფუძველი ჩაეყარა დიდუბის პანთეონს. დღეისათვის დიდუბის პანთეონში 800-ზე მეტი საფლავია. ამ სავანეში განისვენებენ: პავლე ინგოროყვა, რეზო ინანიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ილია აბულაძე, ანასტასია ვირსალაძე, ბიძინა ავალიშვილი, თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, არტურ ლაისტი, იოსებ შარლემანი, ვასო გოძიაშვილი, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ლადო ასათიანი, ერლომ ახვლედიანი, ანდრია ბალანჩივაძე, აკაკი ბაქრაძე, ჰამლეტ გონაშვილი, შალვა გაწერელია, მიხეილ თუმანიშვილი, კირილე ზდანევიჩი, დავით კაკაბაძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ევგენი ხარაძე, სიმონ ხეჩინაშვილი, სავლე წერეთელი და მრავალი სხვა. ძალიან საინტერესოა სასაფლაოს არქიტექტურა, აქ განთავსებულია ბევრი საინტერესო ძეგლი.

სომხური პანთეონი (ხოჯევანქი): თბილისის ერთ-ერთი უბნის, ავლაბრის შემადგენელი ნაწილია. მეფე როსტომს ეს მიწა უწყალობებია ხოჯა ბეჰბუდასათვის, რომელიც თავისი დროის გამოჩენილი და მდიდარი ვაჭარი ყოფილა. მას ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია აუგია და ბაღიც გაუშენებია. XVII საუკუნიდან აქ მდებარეობდა სომხური სასაფლაო, სადაც დაკრძალული იყვნენ იმ დროის გამოჩენილი პიროვნებები. პანთეონის ტერიტორია დაპროექტებულია არქიტექტორ რუბენ აღაბაბიანის მიერ. ოფიციალურად გაიხსნა 1961 წელს. ამ პანთეონში განისვენებენ რაფი, გაბრიელ სუნდუკიანი, ჰაზირი, ვანო ხოჯაბეკიანი, ოვანეს თუმანიანი, გაიანე ხაჩატურიანი და სხვ.

მისამართი - წერეთლის გამზირი №42

საკონტაქტო ინფორმაცია -593 33 10 41;