თბილისის დროშა
 
ქალაქ თბილისის დროშა სწორკუთხა ფორმისაა - თეთრ ფერზე მკვეთრი, ურთიერთგადამკვეთი, ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლებით.
გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია ქალაქ თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ შვიდი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ზოლთა ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია.
თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე. (ასმ-110)
გადმოწერა:
თბილისის სიმბოლიკა
 
ქალაქ თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ასომთავრული “თან” ასონიშნის გრაფირებით აგებული ხოხბისა და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა და ასოთა თანმიმდევრობა ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის არსს. გერბის ზემო ნახევარსფეროს კიდეზე განლაგებულია შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ძირითად გამოსახულებას ეხვევა მუხის რტო – მარადიულობისა და ძლიერების სიმბოლო, რომლის ძირშიც იქმნება ჯვრისებური ტიხარი, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა-ხუცურად ჩაწერილია “თბილისი”.
გერბის ღერძულ დაბოლოებას წარმოადგენს წყლის თემა.
თბილისის გერბი დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის 15-1 გადაწყვეტილება.
გადმოწერა:
თბილისის სიმბოლური გასაღები
 
თბილისის სიმბოლური გასაღები, როგორც გასაღების ზოგადად მიღებული ფორმა შედგება სამი ნაწილისაგან: გვირგვინი, ღერო და გასაღების ენა. გვირგვინი წარმოადგენს ორი მშვილდისებური, ტრაპეციული კვეთის შეპირაპირებულ ფორმას, რომლის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა “თბილისი”. ქვემო ნაწილში კი ორივე მხარეს დაძერწილია მუხის რტო. მშვილდისებური ფორმების შეერთებისას პლასტიკური ნაკეცები ორივე მხარეს ქმნიან ისრის გამოსახულებას. გვირგვინის ცენტრალური კომპოზიცია გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის თემას ხოხობისა და მიმინოს რელიეფური გამოსახულებით. მთლიანად გვირგვინი ეყრდნობა ღეროს, რომლის თავი ბროწეულის (სიმრავლის სიმბოლო) ფორმისაა. გასაღების ღერო “თბილისური აივნის” რიკულს მოგვაგონებს და მთავრდება სიმეტრიულად შეწყვილებული ფრთისებური ენით.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დროშა
 
თავისუფლება
                        ჩემი ხატია სამშობლო
                        სახატე მთელი ქვეყანა,
                        განათებული მთა-ბარი,
                        წილნაყარია ღმერთთანა.

                        თავისუფლება დღეს ჩვენი
                        მომავალს უმღერს დიდებას
                        ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
                        და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

                        დიდება თავისუფლებას,
                        თავისუფლებას დიდება.
                    
 
ლექსი:დავით მაღრაძის
მუსიკა:ზაქარია ფალიაშვილის
ჰიმნად დაამუშავა:იოსებ კეჭაყმაძემ
გადმოწერა: